ველური სპილოები აფრიკაში ერთმანეთს უნიკალურ სახელებს არქმევენ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებმაც საკუთარი კვლევის შედეგები ჟურნალში Nature Ecology & Evolution გამოაქვეყნეს.
მათ მიაჩნიათ, რომ თვითონ სახელები ბგერების უნიკალურ ნაკრებს წარმოადგენენ, რომელიც კონკრეტულ სპილოს ენიჭება. ცხოველები ერთმანეთს სახელებით მაშინ მიმართავენ, როდესაც ერთმანეთისგან დიდ მანძილზე იმყოფებიან ან როდესაც დედები შვილებს ეძახიან.
ამასთან, უფროსები სახელებს უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე პატარები, ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ უნარის ათვისებას შესაძლოა წლები სჭირდება.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის მეშვეობით აფრიკული სპილოების 500-ზე მეტი აუდიოჩანაწერი შეისწავლეს, რომლებიც 1986-2022 წლებში კენიის ეროვნულ ნაკრძალში „სამბურუ“ და ეროვნულ პარკ „ამბოსეიში“ ჩაიწერა. ამ აუდიომონაცემების ანალიზით, კომპიუტერულმა მოდელმა 28%-ის სიზუსტით დაადგინა კონკრეტულად რომელ სპილოს მიმართავენ კონკრეტულ მომენტში.
„სპილოები, ისევე როგორც ადამიანები, იყენებენ სახელებს, მაგრამ სავარაუდოდ არა ყოველთვის. ამიტომ 100%-ს ალბათ ვერც მივიღებდით“, - განაცხადა კვლევის ავტორმა, ბიოლოგმა მიკი პარდომ.
შემდეგ მეცნიერებმა სპილოებს ჩაურთოს ის ჩანაწერები, რომლებშიც მათი მოსაზრებით კონკრეტული ცხოველების სახელები იყო ასახული. აღმოჩნდა, რომ სპილოები საკმაოდ აქტიურად რეაგირებდნენ საკუთარი სახელების გაგონებაზე. სხვა სახელების გაგონების შემთხვევაში მათი ენთუზიაზმი საგრძნობლად მცირდებოდა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სპილოები ძალიან სოციალური ცხოველები არიან, მუდმივად ვითარდებიან. ის ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთს სახელებს აძლევენ ადასტურებს, რომ ამ ცხოველებს აბსტრაქტული აზროვნების უნარი აქვთ.
ველურ ბუნებაში ცხოველები ერთმანეთს სახელებს იშვიათად აძლევენ, თუმცა ამ უნარს ფლობენ დელფინები და თუთიყუშები.