საჰელოუინო კლასიკად ქცეული ამერიკული ფილმი პრაქტიკული მაგია (Practical Magic) 26 წლის შემდეგ გრძელდება. გავრცელებული ხმები კინოკომპანია Warner Bros.-მა სულ ახლახან დაადასტურა. ცნობილი გახდა ისიც, რომ თანამშრომლობისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს სანდრა ბულოკთან და ნიკოლ კიდმანთან, რომლებმაც პირველ ფილმში მთავარი როლები შეასრულეს.
როგორც გავიგეთ, პრაქტიკული მაგია 2-ის სიუჟეტი უკვე მოფიქრებულია. ფილმის სცენარისტი ამჯერადაც ოსკაროსანი აკივა გოლდსმენი იქნება. ბულოკი და კიდმანი კი თანაპროდიუსერების როლშიც შეიძლება მოგვევლინონ.
რომანტიკული ფენტეზი ფილმი, პრაქტიკული მაგია, ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა. რეჟისორ გრიფინ დანის ნამუშევარი ელის ჰოფმანის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია გახლავთ. ნაწარმოები ორ ჯადოქარ დაზე, სალი და გილიან ოუენსებზე, გვიყვება. ოუენსები ჯადოქრების დიდ შტოს წარმოადგენენ, მაგრამ ადრეულ ასაკში დაობლებული დების ცხოვრების ნაწილია საგვარეულო წყევლაც — ვისაც ოუენსების ქალი შეუყვარდება, უდროო სიკვდილისთვისაა განწირული.
პრაქტიკულ მაგიას გამოსვლისას დიდი კომერციული წარმატება არ მოჰყოლია: $75-მილიონიანი ბიუჯეტის საპირწონედ, ფილმმა მხოლოდ $68,3 მილიონის გამომუშავება შეძლო. თუმცა, დროთა განმავლობაში, ფილმი საკულტო ნაწარმოებად იქცა, რომელიც ჰელოუინის კინომარათონის განუყოფელი ნაწილია.
აქვე, საინტერესო ფაქტი: რეჟისორმა გადაღებებისთვის "ნამდვილი ჯადოქარი" აიყვანა კონსულტანტად, რომელმაც მოგვიანებით დამატებითი ანაზღაურება და ფილმის მოგებიდან წილი მოითხოვა. რადგან ამ მოთხოვნას პროდიუსერებმა უარით უპასუხეს, "ჯადოქარს" პროექტიც და გრიფინ დანიც დაუწყევლია.
თუმცა, როგორც ჩანს, ფილმის გაგრძელება "წყევლამაც" ვერ შეაჩერა... ან დები ოუენსების ხელი ურევია ამ ამბავშიც.