ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც გენეტიკურ ინოვაციებშია სპეციალიზებული, ისეთი მაყვალი შექმნა, რომელსაც თესლი არ აქვს.
ცნობილია, რომ მაყვალი სხეულის ფუნქციონირებისთვისა და საჭმლის მონელების სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა. ის ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ანთებას, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებასა და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.
მიუხედავად ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ხილის მომხმარებელთა 30% მაყვალს იშვიათად ირჩევს. რატომ? მაყვალი ისეთ თესლსა და ეკლებს შეიცავს, რომ მისი მოხმარება რთულდება. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა განიზრახა Pairwise-მა, კომპანიამ, რომელსაც გენური ინჟინერიის მხრივ მთელს მსოფლიოში იცნობენ.
სწორედ ასე, მკვლევრებმა მსოფლიოში პირველად, შექმნეს მაყვალი, რომელსაც თესლი არ აქვს. ამის მიღწევა კომპანიაში CRISPR-ის ტექნოლოგიით შეძლეს.
ცნობისთვის, CRISPR რევოლუციური ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც მეცნიერებს ნებისმიერი ტიპის გენეტიკური მასალის უსწრაფესად დასაკორექტირებლად შეუძლიათ.
მაყვალი თესლის გარეშე — ახალი სიტყვა სოფლის მეურნეობაში?
Pairwise-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ტომ ადამსმა თქვა, რომ მისი გუნდი საკვების გაუმჯობესებაზე მუშაობს.
ადამსმა აღნიშნა, რომ მათ მიერ შემუშავებული მაყვლის ჯიში მთელი წლის განმავლობაში გემრიელია და კარგად უძლებს ტრანსპორტირებას.
"ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მაყვალს, რომელსაც არ ექნება თესლი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ის ძალიან გემრიელია", — თქვა ადამსმა.
კომპანიაში ამბობენ, რომ ხილი ეკლების გარეშეც იქნება, რაც მის დაკრეფას და წარმოებას ბევრად გაამარტივებს.