მკითხველებისთვის კარგი სიახლე გვაქვს! ცნობილი დისტოპიური ჟანრის ნაწარმოები შიმშილის თამაშები ახალი წიგნით ბრუნდება. მწერალმა სიუზენ კოლინზმა წიგნის ახალი ნაწილი, სახელად მზის ამოსვლა მკისას (Sunrise on the Reaping) 2025 წლის 18 მარტისთვის დააანონსა. ეს ამ ისტორიაზე დაწერილი უკვე მეხუთე ნაწარმოებია.
ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე მწერალმა 2020 წლის მაისში გამოსცა. წიგნი პირველივე კვირაში ნახევარ მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა, Lionsgate-მა კი რომანის ეკრანიზაციის სურვილი ჯერ კიდევ მის გამოცემამდე გამოთქვა.
ფილმი, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად, შიმშილის თამაშების ტრილოგიის ერთგვარი წინაისტორიაა. იქ მოქმედება ქეთნის ევერდინის ეპოქამდე ათწლეულებით ადრე ვითარდება და მომავალში პირსისხლიან ტირანად ქცეული კოლიოლანუს სნოუს ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს.
კოლინზის თქმით, ამჯერადაც წარსულში დავბრუნდებით, თუმცა არა იმდენად შორს, ახალ წიგნში მოქმედება სნოუს ახალგაზრდობის პერიოდიდან 40 წლის შემდეგ განვითარდება. მართალია, ჯერჯერობით ეკრანიზაციაზე არაფერი ისმის, თუმცა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ახალი ნაწარმოები წინამორბედი წიგნების ბედს გაიზიარებს და ფილმსაც მალე ვიხილავთ.
სიუზენ კოლინზის გახმაურებული დისტოპიური რომანი შიმშილის თამაშები 2008 წელს გამოიცა და მალევე მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ამ დრომდე საგა 51 ენაზეა თარგმნილი და გაყიდულია 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად. წიგნების მიხედვით გადაღებულმა ოთხმა ფილმმა კი, ჯამში $3 მილიარდამდე გამოიმუშავა.
ტრილოგია დისტოპიურ სამყაროზე გვიყვება, რომელშიც მთავარ ქალაქს, კაპიტოლიუმს, 12 რაიონი ჰყავს დამონებული. კაპიტოლიუმისადმი მორჩილების გამოსახატავად კი რაიონები ყოველწლიურად 2-2 ახალგაზრდას სასიკვდილო "შიმშილის თამაშებში" გზავნიან, სადაც გამარჯვებული ისაა, ვინც თამაშის ბოლოს ცოცხალი დარჩება.
წიგნისა და ფილმების გამოსვლის შემდეგ ათწლეულზე მეტი გავიდა, თუმცა შიმშილის თამაშებში განხილული თემები ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება, რის გამოც სიუზენ კოლინზის მიერ შექმნილი სამყარო რელევანტურობას არასდროს კარგავს.