დღეს შედგება ლადო გუდიაშვილის დღემდე უცნობი ნამუშევრის ხელოვნების სასახლისთვის გადაცემის ცერემონია და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გუდიაშვილის კიდევ ერთი ნამუშევარი შეემატება. მხატვრის ამ ნამუშევარს, სავარაუდო სახელწოდებით “დღესასწაული მდინარის პირას“ ხელოვნების სასახლეს ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშო თეატრი გადასცემს. გუდიაშვილის ეს ტილო მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდის “ქართულ დღესასწაულთა განყოფილებაში“ იქნება დაცული.
ეს დიდი ზომის უნიკალური ტილო (136X106) მხატვარმა 1946 წელს შეასრულა და თეატრმა 1950 წელს გუდიაშვილის გამოფენა-გაყიდვაზე შეიძინა. ნახატი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. იგი არ მოხვედრილა არც ერთ კატალოგსა და სამუზეუმო ცნობარში. მუზეუმისათვის გადაცემული ნამუშევარი სასახლის სრული რეაბილიტაციის შემდეგ სხვადასხვა ექსპოზიციასა და საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, საზოგადოებას წარედგინება ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის ახალი ყოველთვიური ჟურნალი, რომელიც ქართულ თეატრალურ სივრცეში კონკრეტული თეატრის მიერ გამცემული პირველი თეატრალური ჟურნალია. გამოცემის მიზანია ქართულ კულტურულ ცხოვრებაში წვლილის შეტანა.