ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მხატვარმა-კონცეპტუალისტმა ბენ ვოტიემ ცოლის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში თავი მოიკლა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 60 წლის ანი ვოტიეს ორშაბათს საღამოს ინსულტი დაემართა და ქალი ოთხშაბათს საღამოს გარდაიცვალა.
„მას არ უნდოდა და არ სურდა ანის გარეშე ცხოვრება და რამდენიმე საათში, სახლში თავი მოიკლა“, - აღნიშნულია წყვილის შვილების, ევასა და ფრანსუას განცხადებაში.
ნიცის პროკურატურაში კი განაცხადეს, რომ ბენ ვოტიეს ცხედარზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღმოაჩინეს. მხატვარი 88 წლის იყო.
ბენ ვოტიე არტ-ჯგუფ Fluxus-ის წევრი იყო. ის ცნობილია ნამუშევრებით, რომლებსაც ირონიით სავსე ლაკონიური ტექსტები ახასიათებს. მისი ფრაზები ჩვეულებრივ შავ ფონზე, თეთრად არის დაწერილი. ყველაზე ცნობილებია: „ხელოვნება უსარგებლოა, წადით სახლში“ (L'art est inutile. Rentrez chez vous), „უნდა ჭამოთ, უნდა დაიძინოთ“ (Il faut manger. Il faut dormir). ვოტიეს ასევე ეკუთვნის აფორიზმი „ყველაფერი არის ხელოვნება“.