ბოლოს ოჯახთან ერთად როდის გაისეირნეთ? შეიძლება ცოტა ხნის წინ, მაგრამ არ მგონია, ისეთი აღმოჩენა გაგეკეთებინათ, როგორიც ეს ჩრდილოეთ დაკოტაში მცხოვრები ოჯახის შემთხვევაშია.
დიახ, 10 წლის ბავშვმა, რომელიც თავის ოჯახთან ერთად სეირნობდა, სრულიად შემთხვევით ტირანოზავრის უიშვიათესი ნამარხი აღმოაჩინა.
დინოზავრი სიკვდილის მომენტში საკმაოდ ახალგაზრდა იყო, რაც მის ნამარხს კიდევ უფრო დიდ ინტერესს სძენს.
მამას თავისი ორი შვილი, 7 და 9 წლის ბავშვები სასეირნოდ ჰყავდა გაყვანილი. ისინი ქალაქ მარმარტს დაახლოებით 16 კილომეტრით იყვნენ დაშორებული. სეირნობისას ერთ-ერთმა ბავშვმა დინოზავრის ჩონჩხი შენიშნა. აღმოჩენამ მამის ყურადღებაც მალევე მიიპყრო.
მამა (სემ ფიშერი) ტაილერ ლისონს, დენვერის ბუნებისა და მეცნიერების მუზეუმის პალეონტოლოგიის კურატორს დაუკავშირდა. მკვლევარი აღმოჩენით ძალიან დაინტერესდა.
"ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე აღმოჩენილი ტირანოზავრების უმეტესობა ზრდასრული იყო. ახალგაზრდა ტირანოზავრის ნამარხების შესწავლა ამ არსებების ცხოვრების აქამდე უცნობ ასპექტებს მოფენს ნათელს", — თქვა ლისონმა.
ტირანოზავრი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დინოზავრი, დასავლეთ ჩრდილოეთ ამერიკაში გვიან ცარცულ პერიოდში ცხოვრობდა. ეს დაახლოებით 90-დან 66 მილიონი წლის წინ ხდებოდა.
გასულ წელს საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტირანოზავრი გონებრივად ისე იყო განვითარებული, როგორც მაიმუნი. ახლა მეცნიერებმა ეს კვლევა შეაფასეს და შედეგები თავიანთ ნაშრომში გამოაქვეყნეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევას ბევრი არ ეთანხმება, ერთი რამ ფაქტია, ეს არსებები საკმაოდ ჭკვიანები იყვნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ კონკრეტული ტირანოზავრი დაახლოებით 13-15 წლის იყო. მისი სიგრძე 7,6 მეტრი იქნებოდა და დაახლოებით 1 500 კილოგრამს იწონიდა. როგორც წესი, ტირანოზავრი ზრდასრულ ასაკს 18-21 წელში აღწევდა. ამ ასაკში ეს არსება მინიმუმ 3 000 კილოგრამს იწონიდა.
საბოლოოდ, დინოზავრის ნაშთები დენვერის ბუნებისა და მეცნიერების მუზეუმში გადაიტანეს. ახლა მკვლევრებმა ჩონჩხის გაწმენდა დაიწყეს, რის შემდეგაც ის შესასწავლად მზად იქნება.