ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ლედი გაგას ორსულობის შესახებ ჭორები გავრცელდა. მომღერალმა მითქმა-მოთქმას ტიკტოკის ვიდეოთი უპასუხა, სადაც ამბობს, რომ ორსულად არაა და ტეილორ სვიფტის ახალი ალბომის სიმღერიდანDown Bad ტექსტს ციტირებს. ასევე, მან მაყურებლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
გაგას პოსტს თავად სვიფტი კომენტარით გამოეხმაურა და ის დაიცვა.
"შეგვიძლია, ყველანი შევთანხმდეთ, რომ ქალის სხეულზე კომენტარის გაკეთება უპასუხისმგებლო და დამაზიანებელია? გაგას ვინმესთვის რამის ახსნა არ მოეთხოვება, ისევე, როგორც არცერთ ქალს", — წერს ტეილორი.
ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც გაგა 5 ივნისს თავისი დის ქორწილს დაესწრო, რომლიდანაც ფოტოები გასაჯაროვდა. ატეხილ აურზაურს მომღერლის ვიზაჟისტიც გამოეხმაურა — მისი თქმით, სევდიანია, რომ მუსიკოსს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება დასჭირდა, რადგან ადამიანები მის სხეულზე კომენტარებს არ წყვეტდნენ.