სტრიმინგ სერვისი Netflix სერიალ „ალესილი კეპების“ მიხედვით მხატვრულ ფილმს გადაიღებს, რომელშიც მთავარ როლს კვლავ კილიან მერფი შეასრულებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი და ერთ-ერთ აღმასრულებელი პროდიუსერი ტომ ჰარპერი იქნება, რომელმაც სერიალის პირველი სეზონის რამდენიმე სერია გადაიღო. სცენარი კი „ალესილი კეპების“ ავტორმა სტივენ ნაითმა დაწერა. ის, მერფისთან ერთად ფილმის პროდიუსერიც იქნება.
სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა აპრილში ნაითმა გაამხილა, რომ მოვლენები ფილმში მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარდება. გადაღებები წლის ბოლოს დაიწყება.
სერიალი „ალესილი კეპები“, რომელიც შელბების ოჯახის კრიმინალურ კლანზე მოგვითხრობს, ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა. 5 წლის შემდეგ პროექტი BAFTA-ს ვერსიით საუკეთესო ბრიტანული შოუ გახდა, ერთი წლის შემდეგ კი მიიღო პრემია National Television Awards, როგორც საუკეთესო დრამატულმა სერიალმა.