ნეტფლიქსის ცნობილი სერიალი Bridgerton ეკრანებზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, თუმცა ჯერჯერობით ახალი სეზონის მხოლოდ რამდენიმე სერია ვიხილეთ. ამჯერად პოპულარული შოუ კოლინისა და პენელოპის სიყვარულის ისტორიის გარშემო ვითარდება. ახლახან ნეტფლიქსმა მე-3 სეზონის მე-2 ნაწილის ტრეილერი გაავრცელა.
შოუს ერთგულმა მაყურებლებმა უკვე იციან, რომ პენელოპის კოლინი პირველივე სეზონიდან მოსწონდა, თუმცა ბრიჯერტონი მას მხოლოდ მეგობრობით პასუხობდა. სწორედ ამის გამო, მე-3 სეზონის დასაწყისში პენელოპი მის დავიწყებას და საქმროს პოვნას გადაწყვეტს, თუმცა თანდათან ნათელი ხდება, რომ კოლინის გრძნობები მის მიმართ მეგობრული სულაც არაა.
როგორც ტრეილერში ჩანს, მართალია, დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, წყვილი ერთადაა და კოლინი პენელოპის ცოლობასაც სთხოვს, მაგრამ ახლა სხვა წინაღობამ იჩინა თავი — პენელოპი თავის ორმაგ ცხოვრებას და ლედი იუსლდაუნის ვინაობას მალავს, ბრიჯერტონთან ურთიერთობა კი ამ საიდუმლოსთვის ფარდის ახდას ნიშნავს. კოლინის და, ელოიზი, აპირებს, ძმას პენელოპის შესახებ სიმართლე გაუმხილოს. ვნახოთ, რას გვიმზადებენ შოუს შემქნელები.
Bridgerton-ის ინსპირაცია ჯულია ქუინის ბრიჯერტონების ოჯახზე შექმნილი რომანების სერია გახდა. თითოეული სეზონი ოჯახის და-ძმებიდან ერთ-ერთის სასიყვარულო ისტორიაზე მოგვითხრობს.
ამ სეზონში მსახიობების უმეტესობა კვლავ ვიხილეთ, ასევე, მათ ფრანჩესკას როლის ახალი შემსრულებელი, ჰანა დოდი, შეუერთდება, ფიბი დინევორი კი, რომელიც აქამდე დაფნი ბრიჯერტონის როლს ასრულებდა, ამჯერად აღარ ბრუდნება. ასევე, გუნდს მსახიობები დენიელ ფრენსისი და სემ ფილიპსი შეუერთდებიან.
Bridgerton-ის მე-3 სეზონის პირველი ოთხი სერიის პრემიერა 16 მაისს შედგა, დანარჩენ ოთხს კი 13 ივნისს ვიხილავთ.