93 წლის მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი მეხუთედ დაქორწინდა. ამის შესახებ The Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, News Corp.-ის საპატიო თავმჯდომარის რჩეული 67 წლის ბიოლოგი ელენა ჟუკოვა გახდა.
ცერემონია მერდოკის სახლში, კალიფორნიაში გაიმართა. მას წყვილის ნათესავები და მეგობრები დაესწრნენ. ქორწილის ფოტოები კი News Corp.-ში შემავალმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს.
მერდოკი და ჟუკოვა ერთმანეთს მაგნატის მესამე ცოლმა, ვენდი დენგმა გააცნო. წყვილის ნიშნობის შესახებ მარტში გახდა ცნობილი. ჟუკოვასთვის ეს მესამე ქორწინებაა. პირველი ქორწინებისგან მას ჰყავს ქალიშვილი დაშა - მილიარდერ რომან აბრამოვიჩის ყოფილი ცოლი.