ცოცხალი არსებებისთვის თვალები უმნიშვნელოვანესია, რადგან ისინი სამყაროს აღქმაში დიდ როლს ასრულებს.
ადამიანებს მხედველობის ორი ასეთო ორგანო გვაქვს ისევე, როგორც სხვა ძუძუმწოვრებსა და ფრინველებს. ამის მიუხედავად, დედამიწაზე არსებობს სახეობები, რომელთა წარმომადგენლებიც გარემოს ორზე მეტი თვალით აკვირდებიან. მათ რიგებში ობობებიც არიან.
მაინც, მხედველობის რამდენი ორგანო აქვთ ამ ფეხსახსრიანებს?
ჩვენს პლანეტაზე მათი დაახლოებით 45 000 სახეობაა, რომლებიც არა მწერების, არამედ ობობასნაირების კატეგორიაში ერთიანდებიან. უმეტეს ნაწილს ოთხ წყვილად განლაგებული რვა თვალი აქვს, ზოგ სახეობას კი — ექვსი. არსებობენ ორ და ოთხთვალიანი ობობებიც, ასევე ისინი, რომელთაც მხოლოდ რუდიმენტული ორგანოები შემორჩათ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამდენი თვალის მიუხედავად, ეს არსებები სამყაროს აღქმისას უმთავრესად მხედველობას სულაც არ ეყრდნობიან. ისინი ბუნებაში ფუნქციონირებისას უფრო მეტად ვიბრაციებსა და შეხებაზე არიან ორიენტირებულნი.
ობობების თვალები, მწერებისგან განსხვავებით, ადამიანისას ჰგავს, მაგრამ ორის ნაცვლად, ერთი ბროლი აქვთ. ამ ორგანოების ორი უდიდესი და ცენტრალური წყვილი ან წყვილები პირველადი, იგივე ანტერომედიალური, თვალების სახელითაა ცნობილი.
ეს და სხვა წყვილი თვალები ობობების მთელ თავზეა, რადგან ისინი ფართო არეალის დასანახად ბუების მსგავსად კისერს ვერ ატრიალებენ. გვერდითა, ანუ მეორეული თვალები მათ მოახლოებული საფრთხის დაფიქსირებაში ეხმარება, მაგალითად მტაცებლების დროულად შენიშვნაში. მათ, მდებარეობის მიხედვით, ანტეროლატერალური, პოსტეროლატერალური ან პოსტერომედიალური ეწოდება (სხვადასხვა განლაგების ამსახველი დიაგრამები იხილეთ 2017 წლის კვლევაში).
მეცნიერებმა მოხტუნავე ობობები შეისწავლეს იმის გასაგებად, თუ როგორ ხედავენ ისინი. მათ ოთხად დაწყვილებული რვა თვალი აქვთ, აქედან ორი ყველაზე დიდი ზომისაა და თავის წინა არეშია, იქ კიდევ ორი შედარებით პატარა თვალია, დანარჩენი კი გვერდითა არეებშია. მათი მეშვეობით ობობები ხედავენ, როცა რაიმე უახლოვდებათ. ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ეს ორგანოები მათ სხვა, უკვე ნანახი, ობობების ამოცნობაშიც ეხმარება.