წლევანდელი ზაფხული საინტერესო პრემიერებით დატვირთული იქნება. ახალ ფილმებს შორისაა ოსკარის ნომინანტი ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის, მორიგი ნამუშევარი — სიკეთის სახეები (Kinds of Kindness). ფილმში მთავარ როლებს ემა სტოუნი, უილემ დეფო და ჯო ელვინი ასრულებენ.
სიკეთის სახეები შავი კომედია, ანოტაციის მიხედვით კი, "სამნაწილიანი იგავია". ანთოლოგიური ფორმის ფილმი სამ დამოუკიდებელ, მაგრამ ერთმანეთთან მაინც დაკავშირებულ სიუჟეტურ ხაზს აერთიანებს. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ტრეილერით ფილმის შინაარსზე მაინცდამაინც ბევრს ვერ ვიგებთ, მაგრამ ამ ერთწუთიან ვიდეოშიც იგრძნობა ლანთიმოსის ფილმებისთვის დამახასიათებელი უცნაური ატმოსფერო, რომელსაც ფონად Eurythmics-ის ჰიტი Sweet Dreams (Are Made of This) ადევს.
სიკეთის სახეების პრემიერა კანის წლევანდელ კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმში მონაწილე ჯესი პლემენზმა საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ეს ლანთიმოსისა და ემა სტოუნის ზედიზედ მესამე საერთო ნამუშევარია, The Favourite-ისა და Poor Things-ის შემდეგ. ორივე როლისთვის სტოუნი ოსკარზე იყო წარდგენილი, Poor Things-მა კი მსახიობს წელს კინოაკადემიის ჯილდო მოაპოვებინა.
სიკეთის სახეებს მაყურებელი 21 ივნისიდან იხილავს.