ცნობილია, რომ ყვავების გონებრივი შესაძლებლობები საკმაოდ განვითარებულია, მაგრამ ბოლო კვლევამ მაინც ბევრი გააოცა.
მეცნიერთა ჯგუფმა აჩვენა, რომ ყვავებს ხმამაღლა "დათვლა" შეუძლიათ. ისინი ასეთ დროს სპეციფიკურ და მიზანმიმართულ ვიზუალურ თუ სმენით ნიშნებს წარმოქმნიან. ჩვენ ვიცით, რომ ფუტკარს ციფრების გაგების უნარი აქვს, მაგრამ ეს უკანასკნელი შესაძლებლობა ამაზე მეტია.
"მიზანმიმართულად კონკრეტული რაოდენობის ხმის წარმოქმნა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს საჭიროებს. არსებობს თუ არა ეს უნარი ადამიანის გარდა სხვა ცხოველებში აქამდე არ ვიცოდით. და, აი, ახლა ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ყვავებს რიცხვობრივ მნიშვნელობებთან დაკავშირებული ხმების წარმოქმნა შეუძლიათ", — აღნიშნულია კვლევაში, რომელსაც გერმანიის ტიუბინგენის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი, დიანა ლიაო ხელმძღვანელობდა.
ხმამაღლა დათვლის უნარი რიცხვების გაგებისგან განსხვავდება. ის მოითხოვს არა მხოლოდ ასეთ გაგებას, არამედ მიზანმიმართულ ვოკალურ კონტროლს კომუნიკაციის მიზნით. ცნობილია, რომ ადამიანები მეტყველებას რიცხვების დასათვლელად და რაოდენობების გადასაცემად იყენებენ. სწორედ ამ პრინციპით ვასწავლით პატარა ბავშვებს დათვლას.
მეცნიერებმა კვლევა სამ ყვავზე (Corvus corone) ჩაატარეს. მათ ყვავები ცვლადი რაოდენობის ვოკალიზაციისთვის ავარჯიშეს — ეს ხდებოდა ერთიდან ოთხამდე, თვითნებური სიმბოლოს ან აუდიო სიგნალის ჩვენების შემდეგ.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სამივე ყვავმა ციფრების შესაბამისად სპეციფიკური ხმა გამოსცა. მკვლევრების თქმით, ყვავები დათვლას დაახლოებით ისეთივე პრინციპის გამოყენებით ახერხებენ, როგორითაც ძალიან პატარა ბავშვები.
"ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ყვავებს შეუძლიათ მოქნილად და მიზანმიმართულად წარმოქმნან ხმები ისე, რომ ეს რიცხვების სისტემასთან თანხვედრაში იყოს", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა Science-ში გამოქვეყნდა.