"ნაპოლი" ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩა

იტალიის სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში „ნაპოლიმ“ „ლეჩეს“ ვერ მოუგო და უფერული სეზონი ზუსტად ისე დაასრულა, როგორც ჩაატარა.

ფრანჩესკო კალცონას გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, ორჯერ „ლეჩე“ ძელმა გადაარჩინა, მაგრამ ვერ გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიას მეორე ტაიმის სტარტზე ორჯერ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა. ჯერ მას მეკარემ აჯობა, მერე არაზუსტი და სუსტი დარტყმა გამოუვიდა.

„ნაპოლიმ“ 53 ქულით მე-10 დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა. ბოლოს „ნაპოლი“ ევროთასებზე რომ არ თამაშობდა, 2009-2010 წლების სეზონი იყო...

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი ყველა ტურნირზე ჩატარებული 45 მატჩით, 11 გოლით, 7 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით დაასრულა, ხოლო კონკრეტულად სერია A-ში 34 შეხვედრაში 11 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი ჰქონდა.

კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებას დაიწყებს.