ფრანგი ჟურნალისტი:

ფრანგი ჟურნალისტი: "მონაკო" მიქაუტაძისთვის ბრძოლაში წინაა, მაგრამ ჯერ ყველაფერი ღიაა"

ფრანგულ მედიაში „მეცის“ ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის მოსალოდნელ ტრანსფერზე ბევრს საუბრობენ. როგორც ცნობილია, ქართველი ფორვარდი „მონაკოს“ სპორტულ დირექტორს ესაუბრა და მასთან შეხვედრას „თავადების“ მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუტერიც აპირებს, რომელიც მას ვისამ ბენ-იედერის შემცვლელად განიხილავს და აპირებს, პირადად აუხსნას რა როლი ექნება მის გუნდში.

ფრანგი ჟურნალისტები წერენ, რომ ამჟამად „მონაკო“ უფრო წინაა, ვიდრე „მარსელი“ და „ლიონი“, რომლებიც ასევე იჩენენ ინტერესს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ 23 წლის ქართველით დაინტერესებული „რენი“ და „ლილიც“ არიან.

ჟურნალისტი მოჰამედ ბეზუაი წერს, რომ მოლაპარაკებები შედგა, მაგრამ ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია და ყველაფერი ღიაა:

„ის შეხვდა „მონაკოს“ ხელმძღვანელებს მამასთან და აგენტთან ერთად, მაგრამ მასთან ასევე „მარსელმაც“ ისაუბრა, მაგრამ არც „მონაკოს“ და არც „მარსელს“ რაიმე კონკრეტული შეთავაზება არ გაუკეთებიათ. ყველაფერი ღიაა, რადგან თავადაც არ იცის, რა მოხდება“, - წერს ჟურნალისტი მოჰამედ ბეზუაი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. მიუხედავად იმისა, რომ ის ნახევარი სეზონი სხვა ლიგაში თამაშობდა, ბომბარდირებში მაინც მოახერხა მეშვიდე ადგილის დაკავება. „მეცი“ 30 მაისს და 2 ივნისს, ლიგა 1-ში დასარჩენად პლეი-ოფში ითამაშებს.

მიქაუტაძის სატრანსფერო უფლებები „აიაქსს“ ეკუთვნის, მისი ტრანსფერის ღირებულება კი, სავარაუდოდ, 15-20 მილიონი ევრო იქნება.