„გენერალიტეტი ღიად აკრიტიკებს ნეთანიაჰუს, რომ ეს ადამიანი საკუთარი თანამდებობის შენარჩუნებისთვის იბრძვის და არა ისრაელის უსაფრთხოებისთვის“

„გენერალიტეტი ღიად აკრიტიკებს ნეთანიაჰუს, რომ ეს ადამიანი საკუთარი თანამდებობის შენარჩუნებისთვის იბრძვის და არა ისრაელის უსაფრთხოებისთვის“

ბენიამინ ნეთანიაჰუ შესაძლოა, „ჰამასის“ ლიდერებთან ერთად საბრალდებო სკამზე აღმოჩნდეს. ჰააგის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანიმ ნეთანიაჰუს და „ჰამასის“ ლიდერების მიმართ დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა.

კარიმ ხანის თქმით, არსებობს გონივრული საფუძველი, რომ აღნიშნულ პირებს, სულ მცირე, 2023 წლიდან მოყოლებული, ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები აქვთ ჩადენილი.

კარიმ ხანის ვერდიქტს ანტისემიტიზმის გამოვლინებად აფასებს ბენიამინ ნეთანიაჰუ. მისი თქმით, კარიმ ხანის აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება სირცხვილის სამუდამო კვალს დატოვებს საერთაშორისო სასამართლოზე და სასამართლოს ფარსად გადააქცევს.

„როგორ ბედავთ ისრაელის ჯარისკაცების შედარებას „ჰამასის“ მონსტრებთან?!“ - აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას იხსენებს, რომ ებრაელებს სახელმწიფოს შექმნიდან მოყოლებული, განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ მთელი რიგი მოვლენების მიმართ და ამ კონტექსტში საინტერესოა ნეთანიაჰუს სიტყვები, „ჩვენ ტერორისტების გარემოცვაში ვართ და უნდა მოვექცეთ მათ, როგორც ტერორისტებს. თუ ტერორისტი ერთ ებრაელს მოკლავს, ჩვენ ათს მოვუკლავთ“.

აქედან გამომდინარე, რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ რასაც ისრაელი აკეთებს, ეს ნამდვილად არ არის სისხლისმსმელი გამოვლინება, ეს ტერორიზმთან ბრძოლის გარკვეული პრინციპია. მაგალითად, ჩვეულებრივ პირობებში ტერორისტმა რომ დაიჭიროს ბავშვი და ფულის მიტანა მოითხოვოს ბავშვის სიცოცხლის სანაცვლოდ, ასე მარტივი არ იქნება ტერორისტის სურვილის ასრულება და ყოველმხრივ ეცდებიან, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ტერორისტებს წაახალისებს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა აუცილებელია. ამიტომაცაა, რომ მსოფლიოში ყველა ქვეყანა ხაზგასმით ცდილობს, ტერორისტების მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს, რათა ტერორიზმი არ იქცეს მოქმედების მეთოდად.

შესაბამისად, რამაზ საყვარელიძის აზრით, თუკი ჰააგის გადაწყვეტილებას შევყვებით, მაშინ ყველა ტერორისტს შეუძლია თქვას, გარკვეულ დონემდე ჩვენ გვემუქრება საფრთხე, ოღონდ შემდეგ მთელი მსოფლიო დაგვიცავს და ისრაელის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები ვერ განხორციელდება.

„არ ვიცი, საით არის მაინცდამაინც სიმართლე, რადგან ბევრნაირი ინტერპრეტაცია შეიძლება არსებობდეს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სისხლის სამართლის ნებისმიერ კანონთან მიმართებით და მოვითხოვოთ, ვიყოთ ლმობიერნი, ნუ ვიქნებით მკაცრნი კრიმინალის მიმართ და ამით კრიმინალებს დაუსჯელობის განცდა შევუქმნათ. კაცობრიობას ჯერ არ მოუძებნია წყალგამყოფი, თუ რომელი პრინციპია სწორი. ბევრი ქვეყანაა, სადაც ლმობიერება კარგ შედეგს იძლევა, მაგრამ არის, ასევე, ბევრი ქვეყანა, სადაც სიმკაცრეა შედეგის მომტანი. ნაპოლეონი ეგვიპტეში რომ იბრძოდა, საშინელებები გააკეთა, მოჭრილი თავების გორები დადგა და საფრანგეთში მყოფი ფრანგები აღშფოთდნენ, ასეთი სისხლისმსმელი ნაპოლეონი არასდროს იყო და რატომ მოიქცა ასეო. ამ კითხვას ნაპოლეონმა გასცა პასუხი, მე როცა ვებრძოდი ევროპელებს, ევროპელების კანონით ვმოქმედებდი, რადგან ევროპელებს ესმოდათ, როდის ვიყავი გამარჯვებული და როდის არა. ეგვიპტელებს კი თუ არ დავანახე მოჭრილი თავების პირამიდები, ვერ მიხვდებიან, რომ მათზე ძლიერი ვარ. ნაპოლეონის პოზიცია ეხება აღმოსავლურ ქვეყნებს. სხვათა შორის, სტალინსაც აღმოსავლური მენტალიტეტთან ჰქონდა საქმე. ამიტომ ჩნდება კითხვა, ერთი და იგივე მოქმედება ერთნაირი შედეგის მომტანი იქნება ყველა კულტურასა და ყველა ხალხში?!“ - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

მისივე შეფასებით, ვინაიდან ნეთანიაჰუ ებრძოდა ტერორიზმს და ეს კონტექსტი იყო წამყვანი მის შეფასებაში, ამის გამო ძნელია თქმა, რამდენად სწორია ჰააგის გადაწყვეტილება. თუკი ნეთანიაჰუს დადანაშაულება შედეგს მოიტანს იმ მხრივ, რომ ჩაქრება ტერორიზმის ტალღა და ჰუმანურები გახდებიან „ჰამასისა“ თუ სხვა მუსლიმანური დაჯგუფებების წევრები, მაშინ მისასალმებელი იქნება ჰააგის გადაწყვეტილება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ტერორიზმი გაძლიერდება, მაშინ ჰააგის ტრიბუნალს უნდა დააბრალონ დასავლეთის ქვეყნებმა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შეტევა. დასავლეთის ქვეყნებისთვის აღმოსავლური ემიგრაცია კომფორტული ნამდვილად არ არის.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ისრაელში კოლეგები ჰყავს და ჯერ კიდევ შარშან 7 ოქტომბრამდე, სანამ ისრაელში ტრაგედია დატრიალდებოდა, ეს ადამიანები ერთხმად ამბობდნენ, რომ ნეთანიაჰუს ადგილი ციხეშია, პირველ რიგში, მისი და მისი ცოლის კორუმპირებულობის გამო, მეორე რიგში, იმის გამო, რომ საკუთარი თავის ციხისაგან დასაცავად მან გადაწყვიტა ისრაელში ძირითადი კანონების შეცვლა და დაიქვემდებარა სასამართლო. გარდა ამისა, წლების განმავლობაში კატარის დიდი ფული სწორედ ნეთანიაჰუს დახმარებით შევიდა „ჰამასში“. ნეთანიაჰუ ხელს უწყობდა ამას. ის ამბობდა, რომ სულაც არ სჭირდებოდა კომპრომისზე წასვლა ორი სახელმწიფოს - ისრაელისა და პალესტინის არსებობისთვის.

„ამით ნეთანიაჰუ თამაშობდა რადიკალების სიმპათიებზე, მესიანისტურ იდეაზე, რომ ისრაელი უნდა იყოს დიდი. ახლა უკვე გენერალიტეტი ღიად აკრიტიკებს ნეთანიაჰუს. გენერლები ამბობენ, რომ ეს ადამიანი საკუთარი თანამდებობის შესანარჩუნებლად იბრძვის და არა ისრაელის უსაფრთხოებისთვის, მათი თქმი, ნეთანიაჰუს არავითარი გეგმა არ აქვს და უაზროდ აწარმოებს ომს, რათა დარჩეს თანამდებობაზე. სხვათა შორის, ნეთანიაჰუს შესახებ ასეთივე ნეგატიური სტატიები იბეჭდებოდა ისრაელის თავისუფალ მედიაში“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ანალიტიკოსის თქმით, რთულია იმის თქმა, ჰააგაში დადგება თუ არა ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან „ჰამასის“ ლიდერებსა და ნეთანიაჰუს შორის განსხვავება ძალიან დიდია. ბოლოს და ბოლოს, ნეთანიაჰუს პირდაპირ არ უბრძანებია და ტერაქტი არ ჩაუდენია, ეს უკვე პოლიტიკაა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 7 ოქტომბრამდე ძალიან ძლიერი საერთაშორისო სახელების მქონე ებრაელი ანალიტიკოსები წერდნენ, რომ ამ პოპულისტის და დემაგოგის - ნეთანიაჰუს ადგილი ციხეშია.

„წლიდან წლამდე ამერიკა 3 მილიარდ დოლარს ხარჯავდა უსასყიდლოდ ისრაელის შეიარაღებასა და თავდაცვაზე, ახლა კი დადგა სულ სხვა დრო, გამოჩნდა ნეთანიაჰუს ნამდვილი სახე, რაზეც ჯერ კიდევ ებრაელები წერდნენ წლების წინ“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.