ახალი კვლევის თანახმად, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1974 წელს იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამა დაიწყო, ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
პროგრამის მიზანი შემდეგი იყო, ვაქცინაცია ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. შედეგი სახეზეა, 154 მილიონი ადამიანიდან უმეტესობა 5 წლამდე ბავშვია.
"ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ვაქცინაციის საერთო სარგებლის 60% წითელას ვაქცინაციაზე მოდიოდა", — თქვა კვლევის ავტორმა, ენდრიუ შატოკმა.
ეს შედეგები კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად კარგად მუშაობს ვაქცინაცია. საბოლოოდ გამოდის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ვაქცინაციით არავაქცინირებულებსაც ვიცავთ. თუმცა, გასულ თვეს ექსპერტები იუწყებოდნენ, რომ აშშ სახიფათო გარდამტეხ წერტილთან ახლოს იყოს, რომლის იქითაც ვაქცინაციის მაჩვენებელი იმდენად დაბლა იქნება, რომ არავაქცინირებულები დაცული აღარ არიან ვაქცინირებული საზოგადოების მიერ.
მსგავსი სიტუაციაა გლობალურადაც. 2021 წელს წითელას წინააღმდეგ რეკორდულად დიდი რაოდენობის ბავშვი არ აიცრა, რამაც შემდგომში ამ დაავადების აფეთქება გამოიწვია.
ექსპერტების თქმით, ამის მიზეზი ვაქცინების მიმართ უნდობლობა არაა, პირიქით, ვაქცინებმა იმდენად კარგი შედეგი აჩვენა, რომ ადამიანებს უბრალოდ კონკრეტული დაავადებების არსებობაც ავიწყდებათ. ამიტომ, ისინი ნაკლებად იცრებიან.
ამის პარალელურად, ვაქცინების გაუმჯობესებაზე მუშაობა არ წყდება. ვაქცინაციამ რამდენიმე მომაკვდინებელი დაავადება სრულად გააქრო და ახლა მას უკვე კიბოს წინააღმდეგაც იყენებენ.
კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.