მეცნიერებმა 75 000 წლის წინ დანაწევრებული თავის ქალა გაამთელეს და მისი მიხედვით იმ არქაული ადამიანის სახე აღადგინეს, რომელსაც ნაშთები ეკუთვნის. ეს მდედრი ნეანდერტალელია, რომელსაც სპეციალისტებმა Shanidar Z დაარქვეს.
მისი თავის ქალის ასობით ფრაგმენტი ერაყში მდებარე შანიდარის გამოქვაბულში 2018 წელს აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ჩონჩხის ეს ნაწილი ამ ნეანდერტალელის სიკვდილიდან მალევე დაიშალა, რისი მიზეზიც ჩამოცვენილი ქვები უნდა ყოფილიყო. შემდეგ ნაშთები ათასობით წლის განმავლობაში ქანებში შემორჩა.
კუნთების, კანისა და ყველა საჭირო კომპონენტის შემცველი სინთეტიკური სახის შესაქმნელად სკანირებისა და სამგანზომილებიანი პრინტერის ტექნოლოგია გამოიყენეს. ამის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმის "ნეანდერტალელების საიდუმლოები" პრემიერა Netflix-ზე ახლახან შედგა.
"თანამედროვე ადამიანებისა და ნეანდერტალელების თავის ქალები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მათ წარბების მიდამო ამოზნექილი ჰქონდათ, ნიკაპი აკლდათ და სახის შუა ნაწილი წინ ჰქონდათ წამოწეული, ამიტომ მათი ცხვირი უფრო შესამჩნევი იყო.
ამის მიუხედავად, აღდგენილი სახე მიანიშნებს, რომ ეს სხვაობები, რეალურად, ასეთი მკაფიოც არ ყოფილა", — აცხადებს კემბრიჯის უნივერსიტეტში მომუშავე პალეონტოლოგი, ემა პომეროი.
ნეანდერტალელები ევრაზიის ტერიტორიაზე დაახლოებით 400 000 წლის წინ გამოჩნდნენ და ისინი 40 000 წლის წინ გადაშენდნენ. მანამდე მათ ჰომო საპიენსებთან ჰქონდათ ურთიერთობა და მათთან წყვილდებოდნენ კიდეც, რაზეც ჩვენში არსებული დნმ მიუთითებს.
ვარაუდობენ, რომ ამ სახეობის წარმომადგენლები შანიდარის გამოქვაბულს ერთგვარ სასაფლაოდ იყენებდნენ. ამის დასტური იქ 1950-იან წლებში მიკვლეული ნაშთებია, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით დამარხულ 10-მდე ნეანდერტალელს ეკუთვნის.
Shanidar Z-ს ჩონჩხი მათ შორის ყველაზე ნაკლებადაა დაზიანებული. წელზემოთ ნაწილს 7.5 მეტრ სიღრმეში მიაგნეს. იქიდან გამომდინარე, რომ მენჯის ძვლები ვერ იპოვეს, მისი სქესი კბილის მინანქარში არსებული ცილის მიხედვით განსაზღვრეს. ანალიზის თანახმად, ეს ნეანდერტალელი 40 წელს იყო გადაცილებული, ხოლო სიმაღლით 1.5 მეტრს აღწევდა.