შერჩევითია თუ არა ე.წ. უდოს გადაწყვეტილებები

შერჩევითია თუ არა ე.წ. უდოს გადაწყვეტილებები

[ნინო ჯაფარიძე]
მსჯავრდებული ზაზა დავითაია პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის წინააღმდეგ: – პატიმარი, რომელიც სასჯელს რუსთავის კოლონიაში იხდის, აცხადებს, რომ კომისია კორუფციის ბუდედ იქცა. ე.წ. უდოს კომისიის არაეფექტიანობაზე საუბრობს ზაზა დავითაიას მეუღლეც.

უდოს კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა სამოქალაქო სექტორიც. ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომისია ხშირად უარს ამბობს იმ განცხადებების დაკმაყოფილებაზე, სადაც ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ პატიმარი ციხიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდეს.

– ”ვისაც ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება, ყველამ უნდა ისარგებლოს ამ უფლებით. არ შეიძლება არსებობდნენ პრივილეგრებული პატიმრები, მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ პატიმარი როინ ცაგარელი, რომელიც კომისიაში განაცხადის შეტანიდან მალევე გაათავისუფლეს, მაშინ როდესაც სხვა პატიმრების განცხადებებს, რომელნიც ანალოგიური მუხლით იხდიან სასჯელს, მოხდილი აქვთ სასჯელის ნახევარზე მეტი და აქვთ დადებითი დახასიათება ციხის ადმინისტრაციისგან, კომისია არ აკმაყოფილებს”, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა ბესელია.

მსჯავრდებულ ზაზა დავითაიას განცხადებით, 30 000-მდე მსჯავრდებულიდან დაახლოებით 6-7 ათასი პატიმარი, რომელმაც უკვე მოიხადა სასჯელის ნახევარზე მეტი, უდოს ექვემდებარება.

– „ვთქვათ, 2000-მდე ცუდად ხასიათდება, გამოდის 4-5 ათასი კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მიუხედავად ამისა, მათ მაინც არ ათავისუფლებენ. აქ ორი კატეგორია არსებობს - ათავისუფლებენ თავიანთ ხალხს, ან მათ, ვინც გადაიხდის”, - ამბობს დავითაია.

ე.წ. უდოს კომისიის არაეფექტიანობაზე საუბრობს ზაზა დავითაიას მეუღლეც. ადვოკატი ნათია დავითაია ამბობს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი რეალურად არ მუშაობს და ხელისუფლება ამას მხოლოდ სატელევიზიო ფიარისთვის იყენებს. ნათია დავითაია არა მხოლოდ ზაზა დავითაიას, არამდე კოკა კვინიკაძის აინტერესებსაც იცავს.

ზაზა დავითაიას და კოკა კვინიკაძეს ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო სექტორი პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. მათ ბრალად სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაში მონაწილეობა ედებათ და 4 წლით და 6 თვით აქვთ პატიმრობა მისჯილი. დავითაიას და კვინიკაძეს სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვთ.

ნათია დავითაია აცხადებს, რომ მათ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას არაერთხელ მიმართეს. ციხის ადმინისტრაცია ორივეს დადებითად ახასიათებს, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ მათი განცხადება დააკმაყოფილოს. თუმცა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად კომისიამ მათ უარი უთხრა.

“არ არსებობს არავითარი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დააკმაყოფილო, რომ პირობით ვადაზე გათავისუფლების მოთხოვნა დაგიკმაყოფილონ. ეს არის ჩვენი დავის მთავარი მიზეზი. დაახლოებით ორ წელიწადნახევარია რაც ვდაობთ ამაზე. მიღებული გვაქვს ოთხი უარი და მოტივაცია მეტად ბანალურია, რომელიც ყველა პატიმარს მისცეს, რომ ის არ არის გამოსწორებული და არც ის არის განსაზღვრული, როგორ უნდა მოიქცე, რომ გამოსწორებულად ჩაგთვალონ ”, - აღნიშნავს ადვოკატი ნათია დავითაია.

განსხვავებული პოზიცია აქვს ხვიჩა შავაძის ოჯახს, რომლის მოთხოვნაც ე.წ. უდოს კომისიამ დააკმაყოფილა. ცისანა ციცქიშვილი ამბობს, რომ თანხმობა მეუღლის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, რომელსაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის 4 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, არა თანხის გადახდის, არამედ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მოიპოვა.

– ”ვიდრე კომისიას მივმართავდი, პრეზიდენტის სახელზე განცხადება 5-ჯერ დავწერე, არაერთი თხოვნა გავაგზავნე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, გია არსენიშვილის სახელზე, შუამდგომლობა ვთხოვე საპატრიარქოს. მხოლოდ დეპუტატ გია თორთლაძისგან მივიღე პასუხი, რომ ჩემი განცხადება მიიღო და შესაბამის უწყებას გადასცა.

თუმცა სხვა სახის რეაგირება არ ყოფილა”, ამბობს ხვიჩა შავაძის მეუღლე. ცისანა ციცქიშვილის განცხადებით, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია ბოლო იყო სადაც განაცხადი შეიტანა და დახმარებისთვის იმ პერიოდში ამავე კომისიის წევრს ოპოზიციის კვოტით, დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიმართა.

– ”ძალიან მალე მივიღე პასუხი. ძალიან მალე, იცით, ერთი თვე იყო გასული განცხადების შეტანიდან და უკვე ყველა იმედი რომ გადაწურული მქონდა, 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა ღამეს ჩემი მეუღლე სახლში მომადგა”, - აღნიშნავს ცისანა ციციქიშვილი.

ხვიჩა შავაძე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის წევრების გადაწყვეტილებით კმაყოფილია. რადგან ციხეში სადაც სასჯელს იხდიდა ტუბერკულოზით დაავადდა და რომ არა ეს გადაწყვეტილება, მისი სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ იდგა.

– ”როგროც ტუბერკულოზით დაავადებული, ბოლოს ქსნის კოლონიაში ვიყავი, სადაც ასეთ დაავადებულ პატიმრებს ათავსებენ. ეს იყო ნამდვილი წამება, რადგან 24 კაციან საკანში ზოგჯერ 100-მდე პატიმარი იყო მოთავსებული. ადამიანები ერთმანეთს ეყუდებოდნენ, რადგან დასჯდომი ადგილიც არ რჩებოდა. კი გამათავისუფლეს ვადაზე ადრე, მაგრამ მანამდე ხომ მაწამებდნენ. განა წამება არ არის თუნდაც იმ პირობებში ყოფნა რაც ახლა გითხარით”, - აღნიშნავს შავაძე და იმასაც უსვამს ხაზს, რომ როდესაც პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მისი განცხადება დააკმაყოფილა, მას დაკისრებული სასჯელიდან მხოლოდ 3 თვე და 20 დღეღა ჰქონდა მოსახდელი.

ინფორმაციას, რომ ე.წ. უდოს კომისია ათავისუფლებს ხელისუფლების მიერ გადმობირებულ ხალხს, ან მათ, ვინც გადაიხდის, უარყოფს კომისიის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე. პარლამენტარი ამბობს, რომ მისი წასვლის მიზეზი არა კორუფცია, არამედ კომისიის არაეფექტურობა იყო.

– ”კომისიის დაკომპლექტების წესი რა თქმა უნდა პრობლემატურია. ვფიქრობ, წევრებმა თითოეული პატიმრის საქმე უფრო სრულყოფილად რომ შეისწავლონ, კომისიის სხდომები არა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსი, არამედ თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უნდა იმართებოდეს. სხვათაშორის ჩემი ეს ინიციატივა პატიმრობის შესახებ ახალ კოდექსში, რომელსაც პარლამენტი უახლოეს ხანებში განიხილავს, გათვალისწინებულია. აქედან გამომდინარე, ალბათ იქნება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტიც, რომ ადვოკატის თანდასწრებით უნდა მოხდეს პატიმრის განაცხადის განხილვა”, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

რატი მაისურაძე კომისიაში დიმიტრი ლორთქიფანიძეს ჩაენაცვლა. პარლამენტარი ამბობს, რომ კორუფციის თემაზე ბრალდებები არ სმენია და პატიმართა პრეტენზიების საფუძვლიანობის, თუ უსაფუძვლობის განსჯას არ აპირებს. კომისიის დაკომპტექტების წესსა და საქმიანობას კი, ნაკლებეფექტურად მიიჩნევს.

– ”გადაწყვეტილებების მიღებისას, კომისიის წევრებს ერთგვაროვანი პოზიცია ვერ ექნებათ, რადგან ყველს საკუთარი შეხედულება აქვს იმაზე, ვინ და რატომ იმსახურებს გათავისუფლებას. მაგალითად მე ვფიქრობ, რომ ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ყველაზე მძიმეა, ვისი გამშვებაც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მათი განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს”, – ამბობს პარლამენტარი და განმარტავს, რომ კომისია გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებს.

– ”თავისთავად სისტემა არის უსამართლო. ბუნებრივია, კომისიამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს, მისი მუშაობით უკმაყოფილოები და კმაყოფილები ყოველთვის იქნებიან”, – ამბობს მაისურაძე და დასძენს, რომ კომისიაში კორუფციის ფაქტის შესახებ უცნობია და ურჩევს პატიმრებს და მათ ახლობლებს, ვინც ამ ტიპის რაიმე ინფრომაციას ფლობს, მას დაუკავშირდნენ.

– ”თუ ასეთი ეჭვი დადასტურდა, მე ვიქნები პირველი ვინც პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას დატოვებს”, - ამბობს დეპუტატი.

ელისო ამირეჯიბი, რომელიც კომისიაში არასამთავრობო სექტორის კვოტით მოხვდა, აცხადებს, რომ წევრები თითოეულ განცხადებას ყურადღებით და დეტალურად განიხილავენ. გადაწყვეტილება კი არა პირადი შეხედულებებით და სიმპატია-ანტიპატიით, არამედ კანონმდებლობის შესაბამისად გამოაქვთ. არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ განცხადებაზე კომისიის წევრთა პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა.

– ”პირადად ჩემი სურვლია, რომ რაც შეიძლება მეტი პატიმრის განცხადება დავაკმაყოფილოთ, თუმცა ამ განცხადებების ძალიან ბევრია, მათი განხილვა ჭირს და დიდი დრო მიაქვს. ამიტომ პრიორიტეტული ის განცხადებებია, რომელთაც თან საჭირო საბუთები და დოკუმენტაცია სრულად ახლავს, დანაშაულის შემადგენლობა ნაკლებია, ვიდრე სხვების” , - აღნიშნავს ელისო ამირეჯიბი.

გამოთქმულ შენიშვნებზე კომენტარის გაკეთება, კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენელმა არ ისურვა. ეკა ხერხეულიძე მიიჩნევს, რომ პატიმრების, სამოქალაქო სექტორის და კომისიის ყოფილ თუ მოქმედ წევრთა პრეტენიზები მის არაეფეტიანობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. თუმცა, წევრთა ნაწილი ფიქრობს, რომ კომისია პატიმართა განცხადებაზე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უარს ხშირად უსაფუძვლოდ ამბობს, რასაც ყველა სხვა ფაქტორთან ერთად, ე.წ. უდოს კომისიის დაკომპლექტების მოქმედი წესიც განაპირობებს.