საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემა საფუძვლიანად შეიცვლება - რა მოჰყვება ამ ყველაფერს?

საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემა საფუძვლიანად შეიცვლება - რა მოჰყვება ამ ყველაფერს?

საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემის რადიკალურ შეცვლას გეგმავს. ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა. ამავე ცვლილებებით იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდს შეეძლება შევიდეს მსხვილი პროექტების პირდაპირ ფინანსირებაში. საუბარია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად პროექტის დაფინანსებაში პირდაპირ მონაწილეობაზე.

საქართველოს მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები 4.9 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან 4.8 მილიარდი ლარი განთავსებულია ნაკლებად რისკიან საპენსიო პორტფელში, დანარჩენი კი საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში.

პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებით, დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელიდან შესაძლებელი გახდება სხვადასხვა პროექტის პირდაპირი დაფინანსება, ეს შეიძლება იყოს ჰესის მშენებლობის ფინანსირებაში მონაწილეობა, პორტის პროექტი თუ სხვა საინვესტიციო პროექტი.

ამჟამად დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელიდან თანხის ჩადება შესაძლებელია მხოლოდ ფინანსურ აქტივებში, ეს არის სახელმწიფო და კორპორატიული ობლიგაციები, დეპოზიტები, ფასიანი ქაღალდები და კორპორატიული აქციები.

თუმცა, ახალი კანონპროექტის თანახმად, ამ ჩამონათვალს დაემატება „სხვა აქტივები“, რომლებშიც თანხის ინვესტირება აღნიშნული საინვესტიციო პორტფელის მოცულობის 15%-ის ოდენობით იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 720 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის სხვა აქტივებში ინვესტირების ნებართვა ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს.

შესაბამისად, საპენსიო ფონდს ახალი საინვესტიციო მექანიზმი დაემატება. ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური სახით კონკრეტულ პროექტზე საკრედიტო დაფინანსების გაცემა ან ისეთი პროექტის დაფინანსებაში თანამონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ფინანსდება.

ამჟამად პროექტების პირდაპირი დაფინანსების შესაძლებლობას კანონი მხოლოდ საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელით უშვებს. კერძოდ, საშუალორისკიან პორტფელში ის მაქსიმუმ პორტფელის 15%, ხოლო მაღალრისკიანში 20% შეიძლება იყოს, თუმცა იმის გამო, რომ ამ ორივე პორტფელის მოცულობა 100 მილიონ ლარამდეა, საქართველოს მთავრობამ ჩათვალა, რომ დაფინანსებების გაცემისთვის მათ უფრო მეტი სახსრები სჭირდებათ, შესაბამისად სხვა აქტივებში ინვესტირების შესაძლებლობა გაჩნდა დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელისთვის, რომლის მოცულობაც 4.8 მილიარდი ლარია, რომლის 15%-იც 720 მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, იზრდება ლიმიტები საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში, თუკი საშუალორისკიან პორტფელში სხვა აქტივების მაქსიმალური წილი იყო 15%, განახლებულ კანონში ის 20%-ია, ხოლო მაღალრისკიან პორტფელში 20%-ის ნაცვლად 25%.

ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების შედეგად, საინვესტიციო სააგენტოსგან, ფაქტობრივად, სახელმწიფო ბანკი იქმნება. მენეჯმენტი, საინვესტიციო საქმიანობა და მონიტორინგიც კი ერთ ხელში ექცევა.

„ხელისუფლების ახალი თავხედობა. ახალი კანონპროექტი დააინიცირეს. შინაარსობრივად, საინვესტიციო სააგენტოსგან სახელმწიფო ბანკი იქმნება. რუსული კანონის მერე არაფერი მიკვირს, მაგრამ პასუხი ამაზეც მოსათხოვია. საქმიანობის შინაარსსაც რომ თავი დავანებოთ, ყურადღება მიაქციეთ რა პრინციპით ინიშნებიან საინვესტიციო საბჭოს წევრები. სტრუქტურულად კი, მენეჯმენტი, საინვესტიციო საქმიანობა და მონიტორინგიც კი ერთ ხელში ექცევა“, - წერს აკაკი ცომაია.

ახალი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ოპოზიციაც. მათი აზრით, დანაზოგების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„მთავრობა ახალ ავანტიურას იწყებს - საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურას ცვლის, საიდანაც პარლამენტის ნაცვლად მთავრობა აკომპლექტებს საბჭოს. ცვლილებები შედის ასევე საპენსიო თანხების ინვესტირების წესში. ეს გამოიწვევს რისკიან და არამომგებიან ბიზნესში თანხების განთავსებას. ამას თან ახლავს კორუფციის რისკის ზრდაც, რადგან ფული სახელისუფლებო ბიზნესების ( მაგ. სამშენებლო კომპანიების) დასაფინანსებლადაც შეიძლება წარიმართოს. ეს კანონი ეხება თითოეული ჩვენგანის მომავლის უზრუნველყოფას და არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ამ ცვლილებების პარლამენტში გატანის შესაძლებლობა. ყველა კანონი, რასაც ბოლო პერიოდში ხელისუფლება იღებს, მმართველი პარტიის პოლიტიკურ და ფინანსურ მიზნებს ემსახურება“, - აღნიშნა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.