ლარში გასაცემი სესხების სავალდებული ზღვარი კიდევ გაიზარდა

ლარში გასაცემი სესხების სავალდებული ზღვარი კიდევ გაიზარდა

მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 400 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ. ცვლილება უკვე ამოქმედდა. ზღვარი ბოლო თვეებში სწრაფად გაიზარდა - ჯერ 200 000-დან 300 000-მდე, ახლა კი 400 000-მდე. რისი მიღწევა სურს ეროვნულ ბანკს სავალდებულო ზღვრის გაორმაგებით?

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.

ამასთანავე, მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სესხის ან საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 400 000 ლარს აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯამური ვალდებულებების დათვლისას ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები არ უნდა იყოს გათვალისწინებული.

გარდა ამისა, ცვლილება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე ან მაშინ, როცა სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში.

საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 1-ლი მაისიდან შევიდა. აღნიშნულ ცვლილებამდე ზღვარი 300 ათასი ლარი იყო.

სებ-ის მოლოდინია, რომ მსესხებლებს ნაკლები ტვირთი დააწვებათ. ამ არგუმენტს ამყარებს ის, რომ რეფინანსირების ძირითადი განაკვეთი შემცირებულია, ლარში მიმზიდველობა მაღალია, უცხოურ ვალუტაში კი გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად საპროცენტო განაკვეთები მომატებულია

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის თქმით, არაჰეჯირებული სესხების ზღვრის 100 000-ით, 400 000 ლარამდე აწევა ყველაზე დროულია.

„მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია ქართული ფინანსური სექტორისთვის მთავარ გამოწვევად რჩება და პორტფელის 45%-ს შეადგენს, თუმცა საყურადღებოა ის, რომ საფინანსო სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს.

კაპიტალის და ლიკვიდობის მაჩვენებლები ჯანსაღ, საკრედიტო აქტივობა კი მდგრად დონეზეა.

ქვეყნის საფინანსო სისტემის პოზიტიური დინამიკის ფონზე ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმას მიჰყვება. ბოლო წლებში დოლარიზაცია 20%-ით შემცირებულია“, - აღნიშნა უტიაშვილმა.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას სპეციალისტები ლარიზაციის კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯად აღიქვამენ. ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ კრედიტების რაოდენობა გაიზრდება, რაც სექტორის მდგრადობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობაა.

„კრედიტების ეროვნულ ვალუტაში გაცემა ბრუნვაში ლარის მოძრაობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ეს ლარიზაციის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია. როცა მინიმალური კრედიტის მოცულობა მატულობს, ამ შემთხვევაში იზრდება სესხების რაოდენობაც, ასეთი ზომების მიღება უკვე ავტომატურად ნიშნავს, რომ მეტი მოთხოვნა გაჩნდება ლარზე.

მთლიანობაში, ეროვნული ვალუტისადმი ნდობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს და როდესაც მიწოდება ხდება ლარში, თავის მხრივ, ბაზრის აგენტებს უბიძგებს, რომ სწორედ ამ ვალუტაში აიღონ სესხები. არ გამოვრიცხავ, კიდევ გაიზარდოს ზღვარი, ეს ბუნებრივიცაა, რაც მეტი სტაბილურობაა და მეტად იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, შესაძლებლობებიც მატულობს. მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან დადებითი ნაბიჯია გადადგმული, ნამდვილად კარგი სიგნალია სავალუტო ბაზრისთვის“, - განსცხადა თოქმაზიშვილმა.

ლევკოთეა ისე, ბანკებმაც რომ შეამცირონ სესხის პროცენტი, არა მარტო რეფინანსირების განაკვეთის ხარჯზე, მთლად უკეთესი იქნებოდა.
7 თვის უკან