სოფლის მოსახლეობა დიდი სისწრაფით მცირდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, მთლიან მოსახლეობაში სოფლად მცხოვრებთა წილი ისტორიულ მინიმუმზეა. სამაგიეროდ, დედაქალაქი განუწყვეტლივ იზრდება და უკვე ყოველი მესამე ადამიანი თბილისში ცხოვრობს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2001 წლის დასაწყისისთვის სოფლის მოსახლეობის წილი 44.8% იყო, ბოლო მონაცემების თანახმად კი 39.6%-ს გაუტოლდა. კერძოდ, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობა 2001 წლის დასაწყისისთვის 1 807 200-ს შეადგენდა. აქედან მოყოლებული რაოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა, 2023 წლის დასაწყისისთვის კი 1 480 600-ს შეადგინა.
აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ 2001 წლიდან 2023 წლის დასაწყისისთვის სოფელში მცხოვრებთა რაოდენობა დაახლოებით 326 600-ის შემცირდა.
ოფიციალურ სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 736 357 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 60.37% (2 255 735 ადამიანი) - ქალაქში, ხოლო - 39.63% (1 480 622 ადამიანი) სოფელში. ოფიციალური მონაცემებით, მთლიანი მოსახლეობის მესამედი, ანუ 33.23% (1 241 709 ადამიანი) თბილისზე მოდის.
რეგიონებში, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, იმერეთი და ქვემო ქართლი გამოირჩევიან; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ყველაზე ნაკლები მცხოვრებია.
შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდებისთვის, და არა მარტო მათთვის, სოფელი არასასურველ ადგილად იქცა, რისი თავდაპირველი მიზეზიც პირობების არარსებობაა. მოსახლეობა მთიანი რეგიონებიდან დიდ ქალაქებში, და განსაკუთრებით თბილისში, სხვადასხვა მიზეზით მიდის. ახალგაზრდების შემთხვევაში პირველ ადგილზე განათლების დასახელება შეიძლება, შემდგომ თაობაში კი სამუშაო ადგილები.
„დღევანდელი მოცემულობა პრობლემად უნდა აღვიქვათ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის დიდი წილი, ეროვნული პროდუქტის ნახევარზე მეტი დედაქალაქში იქმნება. ეს „საქსტატის“ ინფორმაციითაც დასტურდება. თუ ბიზნესისა და პროდუქციის ბრუნვას მივიღებთ მხედველობაში, ვნახავთ, რომ დაახლოებით 2/3-ზეა საუბარი. გამოდის, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯერჯერობით მაინც კონცენტრირებულია დედაქალაქზე. იგი დასაქმების და დოვლათის შექმნის მხრივ თავკომბალას ჰგავს.
საჭიროა, მეტი სტიმული იმისათვის, რომ ბიზნესი და ეკონომიკური აქტიურობა გასცდეს დედაქალაქის ფარგლებს. საინტერესო და ბიზნესისთვის კომერციულად მომგებიანი და წარმატებული უნდა იყოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიც. სტრატეგია აქეთკენ უნდა წავრმართოთ და ასეთ შემთხვევაში ბევრისათვის აღარ იქნება იდეაფიქსი, მაინც და მაინც დედაქალაქში ბიზნესის კეთება და ადგილი დამკვიდრება. თბილისში, ძირითადად, დარჩება პოლიტიკური და ინტელექტუალური შემოქმედებითი საქმიანობის ადგილად. პოლიტიკა, იდეოლოგია, მეცნიერება და კულტურა, დანარჩენი წარმოება უნდა იყოს გასული რეგიონებში.
ამას აქვს, როგორც წმინდა ეკონომიკური, ისე დემოგრაფიული და თუ გნებავთ სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობაც. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა დამაგრდება იქ და დასაქმდება, ეს ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, ინფრასტრუქტურასაც და სხვა მიმართულებებსაც“, - განაცხადა სატატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.
ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს 180-მდე სოფელი გაუკაცრიელდა. 152 სოფელში 10-ზე ნაკლები კომლი ცხოვრობს. ისინიც ასაკოვანი ადამიანები არიან. შესაბამისად, ამ სოფლების გაუკაცრიელებაც დროის ამბავია...