ჩარლზი – კოპერფილდის “მამა“

ჩარლზი – კოპერფილდის “მამა“

დღეს, დიდი ინგლისელი მწერლის, ლეგენდარული “დევიდ კოპერფილდის“ ავტორის – ჩარლს დიკენსის დაბადების დღეა. ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი ვიქტორიანული ერის ყველაზე პოპულარული მწერალი და საერთოდ – ყველა დროის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი გახლავთ,  რომლის ნოველებისა და მოკლე მოთხრობების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა.

ჩარლზ დიკენსის შემოქმედება ბრწყინვალე ფურცელია ინგლისის კრიტიკული რეალიზმის ისტორიაში. მის სახელთან დაკავშირებულია მთელი ეპოქა ინგლისური ლიტერატურის განვითარებაში.

ჩარლზ დიკენსი დაიბადა საზღვაო უწყების მოსანსახურის ოჯახში. მან ბავშვობიდანვე იგემა ცხოვრების სიდუხჭირე. ჩარლზის ოჯახი მუდამ სიღარიბეში იმყოფებოდა. ვალების გადაუხდელობის გამო, მომავალი მწერლის მამა ჩასვეს მოვალეთა ციხეში, საიდანაც თავი დააღწია სრულიად მოულოდნელად.

დიკენსი 10 წლიდან მუშაობდა ვაქსის ფაბრიკაში. ბავშვობაში მიღებული მისი განათლება არ ატარებდა რამდენადმე სისტემატურ ხასიათს. ის მუშაობდა სასამართლოსა და პარლამენტის რეპორტიორად. სამსახურმა ხელი შეუწყო მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები მან შემდგომ აღწერა თავის რომანებში - “დავით კოპერფილდი“ და “კოპწია დოროთი“.

ქართულ ენაზე არსებობს დიკენსის ნაწარმოებების საკმაოდ მაღალი დონის თარგმანები. ეს მწერალი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის პოპულარული იყო.