საქართველოში უმუშევრობის შემცირების ტემპი უკვე საერთაშორისო ინსტიტუტების ყურადღების ცენტრში მოექცა. ირკვევა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. დადებით ტენდენციას ადასტურებს ადგილობრივი ბიზნესებიც.
სავალუტო ფონდის მონაცემებით ირკვევა, საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივრადიანი, 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. 2012 წელს კი უმუშევრობის 12-წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. სსფ-ს მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნების ათეულშია (მეცხრე ადგილზე), სადაც ბოლო თორმეტი წლის მანძილზე 2024 წლისთვის ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდება უმუშევრობა. ფონდის შეფასებით, 12 წლის მანძილზე ანუ 2012 წელთან შედარებით უმუშევრობა საქართველოში 11 პროცენტული პუნქტით მცირდება და 2024 წელს უმუშევრობის დონე 15,7%-ს გაუტოლდება. სავალუტო ფონდის შეფასებით ჩვენს საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 2010, 2011 და 2012 წლებში დაახლოებით 27%-ის დონეზე.
სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, 21-ე საუკუნეში 2012 წლამდე პერიოდში უმუშევრობა მსოფლიოში ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით საქართველოში გაიზარდა. უმუშევრობის მატებამ იმ 12-წლიან პერიოდში 16 პროცენტულ პუნქტს გადააჭარბა.
საერთაშორისო პროგნოზებს ეთანხმებიან ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციებიც. მაგალითად, „გალტ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ უმუშევრობის დონის შემცირება გაგრძელდება და 2024 წელს 15.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი. 2023 წელს კი, „საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობის დონემ წლიურად 0.9 პროცენტული პუნქტით 16.4% შეადგინა.
„2023 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე 15.3%-მდე შემცირდა მესამე კვარტალში დაფიქსირებული 15.6%-ის შემდეგ. ეს შემცირება ძირითადად მაღალი ეკონომიკური აქტივობით იხსნება. აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა (+8.4%) და მთლიანი დასაქმების 69.8% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულები კვარტალურად 2.1%-ით შემცირდა (-1.6%).
აღსანიშნავია, რომ სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე კვლავ გაუმჯობესდა და 2023 წლის მე-4 კვარტალში 54.3% შეადგინა, რაც გაზრდილია მესამე კვარტლის 53.6%-დან და აღემატება ასევე პანდემიამდელ დონეს. ჯამურად, 2023 წელს უმუშევრობის დონე წლიურად 0.9 პროცენტული პუნქტით 16.4%-მდე შემცირდა.
ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობის დონის შემცირება გაგრძელდება და 15.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2024 წელს“, - ნათქვამია „გალტ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.
მცირე და საშუალო ბზინესასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე კი საუბრობს იმ გარემოებებზე, რამაც უმუშევრობის კლებაზე არსებითი გავლენა მოახდინა.
„შრომის ბაზარზე დღეს ნამდვილად არ არის ის ვითარება, რაც ვთქვათ, წლების წინ იყო. 2023 წლის მდგომარეობით, 60 ათასით მეტი დასაქმებულია კერძო სექტორში. თუკი მიზეზზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მოგების გადასახადის ესტონურმა მოდელმა ძალიან კარგად იმუშავა. ასეც იყო მოსალოდნელი, როცა იგი დამკვიდრდა ქვეყანაში, გამოითქვა ვარაუდი, რომ ბაზარი შედეგს 2023 წლისთვის იგრძნობდა და ასეც მოხდა. რა თანხაც უნდა გასულიყო ბიზნესიდან გადასახადების სახით, ჩარჩა ბიზნესში, რეინვესტირება მოხდა. თუ მშვიდობა იქნება და ბიძგები, თუნდაც პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, არ იქნება ნეგატიური, უკეთეს შედეგზე გავა ქვეყანა“, - განაცხადა ჭელიძემ.
ეკონომისტი აკაკი ცომაიაც ადასტურებს ქვეყანაში საერთო ფონის გაუმჯობესებას, თუმცა უკეთესი შედეგის მისაღწევად კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო.
„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ უმუშევრობა არ შემცირებულა, მაგრამ მეტი შედეგის მისაღწევად კომპლექსური ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, რაც რეალურად შეცვლის სურათს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება განათლებული თაობა, მხოლოდ პროფესიული განათლების ხელშეწყობა არაფერს შველის, კვალიფიციური განათლებული კადრი სჭირდება ქვეყანას და პროექტები სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული. განათლების მიღება უნდა გულისხმობდეს სწორ არჩევანს, რადგან უამრავი მაგალითია, როცა უნივერსიტეტს ამთავრებენ და მერე, როდესაც საქმე დასაქმებამდე მიდის, ბევრი დაბრკოლებაა. მხოლოდ ასე შეიძლება გაუმჯობესდეს მდგომარეობა და სარგებელი ნახოს ყველამ - ეკონომიკამაც და ხალხმაც“, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.