15-20 წელიწადში ამორტიზებული შენობები შეიძლება სულ ჩამოიშალოს

15-20 წელიწადში ამორტიზებული შენობები შეიძლება სულ ჩამოიშალოს

დედაქალაქში ამორტიზებული შენობების საკითხი სულ უფრო პრობლემური ხდება. მესაკუთრეებსა და კერძო სექტორს მისი გადაჭრა არ შეუძლია. მუნიციპალიტეტი კი თითქოს ცდილობს სხვადასხვა პროგრამებით ინვესტორები დააინტერესოს, მაგრამ საქმე წინ ვერ მიიწევს. მხოლოდ ერთეულ შემთხვევებია, როდესაც ძველი შენობის ახლით ჩანაცვლება ხდება.

თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე ადასტურებს, რომ დედაქალაქში სეისმურმა აქტივობამ მოიმატა. კითხვაზე - არის თუ არა მზად დედაქალაქში არსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები, ხიდები თუ სხვა სახის კონსტრუქციები მომატებული სეისმური აქტივობისთვის - არქიტექტორმა უპასუხა, რომ უნდა ჩატარდეს შესაბამისი ანალიზი და შემდეგ მომზადდეს დასკვნები.

„5 წლის წინანდელი დასკვნა ახლა არ ვარგა იმიტომ, რომ შესაძლოა, პირობები შეიცვალოს. შესაბამისად, თუ რამე პრობლემური არეალია და თბილისში ასეთი ბევრია, მასზე ჩვენი კონსტრუქტორების მიერ, რომლებიც საკმაოდ გამოცდილები გვყავს, ექსპერტიზა უნდა დაიწეროს და განისაზღვროს, რა ღონისძიებებია გასაკეთებელი, ეს იქნება გამაგრება, კვლევა, ან შეიძლება ისე იყოს მდგომარეობა, რომ ინგრეოდეს“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

როგორც არქიტექტორმა აღნიშნა, გენგეგმაზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ თბილისში 500-ზე მეტი „ხრუშჩოვკაა“. მათგან ყველაზე მძიმე მდგომარეობა ვარკეთილის მესამე მასივის გასასვლელშია.

„ვარკეთილის მესამე მასივში გამოსასვლელი მთლიანად ინგრევა. თუ არეალების მიხედვით შევხედავთ, პირველი გახლავთ ვარკეთილის მესამე მასივი. ე.წ. ხრუშჩოვკებზე რომ იყო ლაპარაკი, გენერალური გეგმის მომზადების დროს დავითვალე და 500-ზე მეტი ხრუშჩოვკაა თბილისში“, - აღნიშნა მერაბ ბოლქვაძე.

საბურთალოსა და ვაჟა-ფშაველაზე არსებულ „ხრუშჩოვკებში“ გეოლოგიური თვალსაზრისით შედარებით კარგი მდგომარეობაა.

„არ იქნება იმის თქმა სწორი, რომ იმ 500-დან ყველა „ხრუშჩოვკა“ დასანგრევია, რადგან მაგალითად, ვაჟა-ფშაველას კვარტალში კარგი გეოლოგიური პირობებია და კორპუსები კარგად არის შემორჩენილი. ამჟამად ავარიული მდგომარეობა საბურთალოს „ხრუშჩოვკებში“ არ არის. შეიძლება ანალიზი და შესწავლა გაკეთდეს, რათა მზად ვიყოთ, რადგან რაღაც დროის შემდეგ სხვა „ხრუშჩოვკებსაც“ იგივე ბედი ელის“, - განაცხადა „ბიპიენთან“ არქიტექტორმა.

ზოგადად კი ძველი შენობების რეაბილიტაციის საკითხის მოუგვარებლობა უკვე დიდი პრობლემა ხდება და უსაფრთხოების რისკებიც იზრდება. ამორტიზებული სახლები ინგრევა, რადგან ექსპლუატაციის ვადა კარგა ხანია გაუვიდა. შესაბამისად, სახელმწიფომ გარკვეულ ზომებს უნდა მიმართოს და ავარიული შენობების ახლით ჩანაცვლება შეძლოს ან სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს იმ ობიექტებზე, რომლებიც გამაგრებას ჯერ კიდევ ექვემდებარება.

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე პირდაპირ ამბობს, რომ კერძო სექტორი ამ პრობლემის მომგვარებელი არ არის, ამიტომ ქმედითი ნაბიჯები მუნიციპალიტეტმა უნდა გადადგას და პროცესი დროულად დაიწყოს.

„ყველაფერი ძველდება და კვდება ბუნებაში, ასე ემართება შენობებსაც. საბჭოთა კავშირის დროს იყო როგორც კაპიტალური მიმდინარე რემონტი, ასევე ავარიული შენობების სარეალიბიტაციო სამუშაოებიც. აღწერილი იყო შენობის მდგომარეობა და სხვა მახასიათებლები, ახლა არ არის ასე, განსაკუთრებნით ძველი თბილისის ტერიტორიაზე. შესაბამის ზომებს თუ არ მივიღებთ, 15-20 წელიწადში შეიძლება სულ ჩამოიშალოს ეს შენობები.

სამშენებლო კულტურა არ არის მხოლოდ მშენებლობა, არამედ მართვაცაა, რაშიც ძალიან ჩამოვრჩებით. საბჭოთა პერიოდი შემთხვევით არ ვახსენე, შეიძლება ბევრი რამ არ მოგვწონდეს, მაგრამ შენობების უსაფრთხოება მაშინ მაღალ დონეზე იდგა. მაშინდელი კორპუსების უმეტესობა, ძირითადად, გასული საუკუნის 60-იან წლებშია აშენებული. მშენებლობის პროცესი აქტიურად გრძელდებოდა 80-იან წლებამდე. თავდაპირველად ეს იყო მსხვილპანელოვანი შენობები, მერე - ბლოკური. ზოგიერთის ვარგისიანობის ვადა 30 წელი იყო, გააჩნია პროექტს, ზოგს ვადა უკვე ორმაგად გაუვიდა“, - აღნიშნა ვარდოსანიძემ.

ლევკოთეა ისე, საინტერესოა, რა აზრი ჰქონდა საცხოვრებელი კორპუსის აშენებას, რომლის საექსპლუატაციო ვადაც თავიდანვე 30 წელს არ აღემატებოდა.
ფონდები იყო ასათვისებელი?
7 თვის უკან