მას შემდეგ, რაც ზენდეიამ Challengers-ში ჩოგბურთელი განასახიერა, ინტერნეტისთვის სახუმარო თემად იქცა ის ფაქტი, რომ სპაიდერმენების სამივე შეყვარებული ჩოგბურთელის როლში ვიხილეთ. ახლახან ზენდეია გადაცემა Good Morning America-ის სტუმარი იყო, სადაც ამ დამთხვევის შესახებ შეკითხვა დაუსვეს. ზენდეიამ კი უპასუხა, რომ ნახა მიმი, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება და მისი აზრით, ეს მართლაც სახალისოა.
Spider-Man-ში შესრულებული როლის შემდეგ კირსტენ დანსტმა ფილმში Wimbledon ლიზი ბრედბერი განასახიერა. ემა სტოუნმა ჩოგბურთელის როლი ფილმში Battle of the Sexes ითამაშა. Challengers-ში კი ზენდეიამ ჩოგბურთელი ტაში დუნკანის როლი მოირგო.
"მართლაც ძალიან სახალისოა. ვხუმრობდით, რომ ეს თითქოს წინასწარმეტყველებაა, რომელიც უნდა შემესრულებინა", — აღნიშნა ზენდეიამ როლების შესახებ.
Challengers-ის მსოფლიო პრემიერის თარიღი 26 აპრილია. Challengers-ში ზენდეია ცნობილი ჩოგბურთელის, ტაში დუნკანის როლს თამაშობს, რომელიც თავისი კარიერის მწვერვალზე ყოფნისას ტრავმას მიიღებს და თამაშს თავს ანებებს, პარალელურად კი, იმდროინდელ შეყვარებულთან, ასევე ჩოგბურთელთან, ურთიერთობას გაწყვეტს. ფილმში ზენდეიასთან ერთად მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები მაიკ ფეისტი და ჯოშ ო'კონორი ასრულებენ. ფილმის მაყურებელი კი ტენისის სამყაროშიც იმოგზაურებს და მთავარი გმირების ქაოსურ რომანტიკულ ურთიერთობებსაც იხილავს.