„ოფშორების კანონი“ სპეკულაციის თემად იქცა და დაპირისპირებაში საფინანსო ინსტიტუტების ჩათრევას აპირებენ. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ეროვნულ ბანკს საგანგებო განცხადების გაკეთება მოუწია. საქმეში ჩაერთო საბანკო ასოციაციაც, რომელმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ კანონის ამოქმედებით რაიმე საფრთხე ბანკების მიმართ არ იკვეთება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი დაბეგვრისგან გათავისუფლდება.
საქართველოს ეროვნული ბანკში აღნიშნავენ, რომ ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი, საფინანსო სისტემაში პროცესების ცვლილებას არ გამოიწვევს და „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ეროვნული ბანკისა და ფინანსური სისტემის მიმართ თითქოსდა ფულის გათეთრებასა და სანქციების რეჟიმისთვის თავის შესაძლო არიდების გაზრდილ რისკებთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს, რომელიც „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას უკავშირდება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება.
საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსური სექტორის მარეგულირებელ ორგანოს განცხადებაში იმასაც განმარტავენ, რომ ქართულ საფინანსო სისტემაში კონტროლის ისეთი მექანიზმები მოქმედებს, რაც ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და სანქციებისგან თავის არიდების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ქართულ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ანგარიშგების, გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. საფინანსო სისტემაში მოქმედებს შიდა სისტემები და კონტროლის ისეთი მექანიზმები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სანქციებისთვის თავის არიდების რისკებს. სწორედ ამიტომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, დღემდე არ დაფიქსირებულა სანქცირებული პირის მიერ ტრანზაქციის შესრულების არც ერთი შემთხვევა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ისევე, როგორც მთლიანად საბანკო სექტორი მომავალშიც პროაქტიურად განაგრძობს ყველა საჭირო ზომის დაცვას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებისთვის აუცილებელი პირობაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელობა, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობით არიან დაკავებულნი, სულ სხვაგვარად საუბრობენ. სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამტკიცებს, რომ საფრთხე იმაში მდგომარეობს, თუ საქართველო საერთაშორისო საფინანსო სისტემის მიერ ჩათვლილი იქნება როგორც მომატებული საფრთხის ქვეყანა, მაშინ ყველა გადარიცხვა გადამოწმდება გამადიდებელი შუშის ქვეშ.
„საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ თუ საქართველო საერთაშორისო საფინანსო სისტემის მიერ ჩათვლილი იქნება როგორც მომატებული საფრთხის ქვეყანა, მაშინ ყველა გადარიცხვა გადამოწმდება გამადიდებელი შუშის ქვეშ, მათ შორის თითოეული ჩვენგანის, საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური პირების, მცირე და საშუალო მეწარმეების... ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველა გადარიცხვა და გადმორიცხვაზე, რაც ხორციელდება დამატებითი დოკუმენტები იქნება მოთხოვნილი, დასჭირდება დღეები თუ არა კვირები, ბევრი გადარიცხვა გაიჭედება, უკან დაგვიბრუნდება, გაიყინება და აშ. კეთროვანი გახდება ეს სისტემა, რომლისთვისაც ბევრმა ადამიანმა, ძალიან ბევრი იშრომა, რომ აქამდე მოვსულიყავით. საბოლოო ჯამში, ევროპაში ინტეგრაციის პროცესისკენ კი არ მივდივართ, არამედ იზოლაციისკენ.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის განცხადებას, შევახსენებ ეროვნულ ბანკს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა მხოლოდ იმიტომ არ გვაქვს, რომ (მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი იმდაგვარი ორგანოა, სადაც სჭირდება პრეზიდენტის წარდგენა დანიშვნაზე), პრეზიდენტთან რომ ვერ შეთანხმდნენ, ადგნენ და ისე შეცვალეს კანონი, ქალბატონი თურნავა თვითონ დაენიშნათ და შესაბამისად, ქალბატონი თურნავაც ახლა იხდის ხარკს იმით, რომ აკეთებს ყველა იმ განცხადებას, რაც მოეწონება „ქარულ ოცნებას“, - განაცხადა ქადაგიძემ.
მას მხარი აუბა ასევე სებ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნმა და „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელმა მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ, რომელიც ამტკიცებს, რომ კანონი „ქართული ბანკებისთვის გარკვეული თავის ტკივილი იქნება“.
„პროკრედიტ ბანკი საქართველო“ არის ჰოლდინგის ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ საქართველოს რეგულაციებს, არამედ ჰოლდინგის რეგულაციებს ვექვემდებარებით, რომელიც, რაღაც თვალსაზრისით, კიდევ უფრო მკაცრია, ამიტომ როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილს, ისე ამ საკითხს, ჰოლდინგის რეგულაციები ფარავს. ნებისმიერი ტრანზაქცია, საბოლოო ჯამში, ექვემდებარება შესაბამის შემოწმებას. განსაკუთრებით ეს ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებიდან, ე.წ. ოფშორებიდან წამოსულ შემოდინებებს.
შესაბამისად, ეს კანონი პრობლემური შეიძლება გახდეს სწორედ ამ კუთხით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელ სამყაროში არ არსებობს განყენებული საბანკო სისტემა - საბოლოო ჯამში, ჩვენ ინტეგრირებული ვართ მსოფლიო ფინანსურ სისტემაში და ამ უკანასკნელის მკაცრ მოთხოვნებს ვექვემდებარებით. შეიძლება, შემცირდეს საბანკო გადარიცხვების ეფექტიანობა, არსებობს რეპუტაციული ზიანის რისკი. მოკლედ, ბანკებს გარკვეული თავის ტკივილი ექნებათ ასეთი ტრანზაქციების შემოწმებისთვის და ეს ისეთი თემაა, რომელსაც ვერც ერთი ბანკი, რომელიც მსოფლიო ფინანსური სისტემის ნაწილია, ვერ უგულებელყოფს“, - განაცხადა ბაქრაძემ გადაცემა „წერტილში“.
თუმცა აღმოჩნდა, რომ სხვა საფინანსო სტრუქტურებს საერთოდ არანაირი პრობლემა არ აქვთ ამასთან დაკავშირებით. რაიმე პრობლემას ვერ ხედავენ საქართველოს საბანკო ასოციაციაში და როგორც ორგანიზაციის პრეზიდენმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე, ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ბანკების მხრიდან რაიმე რისკი გამოვლენილი არაა.
„ზოგადად, ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, განსაკუთრებით საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, ხდება შესწავლა, როგორ, რა ფორმით აისახება საბანკო სისტემაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ესეც ვერ იქნებოდა გამონაკლისი და ბანკების მხრიდან მისი შესწავლაც მიმდინარეობს. დღეს, რაიმე კონკრეტული რისკი იდენტიფიცირებული არაა. საბანკო სისტემას რაიმე ვალდებულება ამ კანონთან მიმართებით არ უჩნდება. საბანკო სისტემა კვლავინდებურად ასრულებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნას და გააგრძელებს ამ მოთხოვნების შესრულებას“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.