ახალი კვლევის თანახმად, პაციენტებში სიკვდილიანობა და ხელახლა მიმართვიანობა ნაკლებია, თუ მათი ექიმი ქალია. განსაკუთრებით ეს სწორედ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ეხებათ, რომლებსაც ამ შემთხვევაში გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც კაცი მკურნალობს.
დეკადების განმავლობაში არაერთი კვლევა ჩატარდა, რომლებმაც ცხადყო, რომ ქალებს, კაცებთან შედარებით, ინტენსიური თერაპია ნაკლებად ენიშნებათ და დიაგნოზის დასმაც უჭიანურდებათ. ასევე, 2017 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალი ქირურგების მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტებში მომდევნო 30 დღის განმავლობაში სიკვდილის რისკი 12%-ით ნაკლებია. ამგვარი დადებითი კავშირი გამოვლინდა შარშან გამოქვეყნებულ ნაშრომშიც.
რაც შეეხება უკანასკნელ კვლევას, სპეციალისტებმა დაახლოებით 800 000 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს. მათ შორის იყვნენ 65 წელს გადაცილებული ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უფრო ახალგაზრდა პირები და ინდივიდები, რომელთაც ბოლო სტადიის თირკმლის უკმარისობა ჰქონდათ. თითოეულმა მათგანმა სამედიცინო დაწესებულებას 2016-2019 წლებს შორის პერიოდში მიმართა.
ამ ინფორმაციის ანალიზის შედეგად ავტორებმა დაასკვნეს, რომ ნებისმიერი სქესის პაციენტებში გადარჩენის მაჩვენებელი უფრო მეტი იყო, თუ მათ ქალი ექიმი მკურნალობდა. ეს ეფექტი ქალებში უფრო მკაფიოდ გამოვლინდა. მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ შემთხვევაში 8.15% იყო, ხოლო თუ კაცი ექიმი ჰყავდათ — 18.38%.
კაცებში, რომელთა ექიმიც ქალი იყო, სიკვდილიანობა 10.15%-ს უდრიდა და თუკი მათ იმავე სქესის წარმომადგენელი მკურნალობდა — 10.23%.
ასევე, ქალი ექიმების პაციენტებში, კაც ექიმებთან შედარებით, საავადმყოფოდან გაწერიდან 30 დღის ფარგლებში ხელახლა მიმართვიანობაც ნაკლებად ფიქსირდებოდა. მდედრობითი სქესის პირებში ეს სხვაობა 15.51% იყო 16.01%-ის საპირისპიროდ, კაცებში კი 15.65% — 15.87%-ის საპირისპიროდ.
ავტორების თქმით ეს სხვაობა საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ შემთხვევითობის როლი გამოირიცხოს. შესაბამისად, მსგავსი შედეგები ისე არ უნდა გვიგოთ, რომ კაცი ექიმები საკუთარ საქმეს ცუდად ასრულებენ.
ზემოხსენებულ მაჩვენებლებს, განსაკუთრებით ქალებისას, პოტენციურად, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, შესაძლოა, მათში კაცი ექიმების მიერ დაავადებების სიმპტომები სათანადოდ არ ფასდებოდეს, ეს კი დაგვიანებულ ან არასრულ მკურნალობას იწვევდეს. ამის მიზეზი, ზოგადად, ქალთა ჯანმრთელობის თავისებურებების შესახებ სისტემურ სწავლებაზე ნაკლები ხელმისაწვდომობაა.
მეორე მიზეზად ავტორები არაეფექტიან კომუნიკაციას ასახელებენ, რაც პაციენტებისგან საჭირო ინფორმაციის მიღებას ზღუდავს, ეს კი დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზეც აისახება. მესამე ფაქტორი კაცების მიერ ქალების არასრულ ფიზიკურ გამოკვლევას უკავშირდება, რაც სოციალურ-კულტურული ტაბუებით, დისკომფორტით ან სირცხვილის გრძნობითაა გამოწვეული.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Annals of International Medicine გამოქვეყნდა.