მაინც რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად? აღმოჩნდა, რომ ამ მიჯნას უფრო და უფრო შორს ვწევთ.
მეცნიერებმა 14 000-ზე მეტი ინდივიდის მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც გერმანიაში ხანდაზმულობის კვლევის ფარგლებში შეგროვდა. მასში მონაწილეობა 1911-74 წლებს შორის დაბადებულმა ადამიანებმა მიიღეს, რომელთაც გამოკითხვა უტარდებოდათ იმის შესახებ, თუ რა ასაკის ადამიანებს აღიქვამენ ხანდაზმულად.
როდესაც 1911 წელს დაბადებულებს ეს კითხვა მაშინ დაუსვეს, როცა 65 წლისანი იყვნენ, მათ პასუხად 71 წელი დააფიქსირეს, ხოლო 1956 დაბადებულებმა იმავე ასაკში — 74.
"სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა, რაც შესაძლოა, ხანდაზმულად უფრო გვიანდელი ასაკის აღქმას განაპირობებდეს.
ასევე, დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის ზოგიერთი ასპექტიც გაუმჯობესდა, ამიტომ კონკრეტული წლოვანების ადამიანები, რომლებიც ადრე მოხუცებად მიიჩნეოდნენ, ახლა აღარ მიიჩნევიან", — აცხადებენ მკვლევრები.
აღსანიშნავია, რომ იგივე ტენდენცია გამოვლინდა ინდივიდუალურ დონეზეც. როდესაც მონაწილეებს 4-5 წელი ემატებოდათ, მათ მიერ დაფიქსირებული ხანდაზმულობის ასაკობრივი მიჯნაც საშუალოდ 1 წლით იმატებდა.
საინტერესოა, რომ ამ ზღვარს ქალები დაახლოებით 2 წლით უფრო გვიან წევდნენ, ვიდრე კაცები. ავტორთა დასკვნით, სიბერის ასაკის აღქმაზე გავლენას ისეთი ფაქტორები ახდენს, როგორიცაა ჯანმრთელობის პრობლემები, მარტოობა, ან მდგომარეობა, როცა თავს მოხუცად გრძნობ. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის დასაწყისად უფრო ადრეულ ასაკს ასახელებდნენ.
მეცნიერთა თქმით, შესაძლოა, ზემოხსენებული მიჯნის გადაწევას სიბერის უფრო და უფრო დადებითად აღქმა იწვევდეს ან პირიქით — ხანდაზმულობის არასასურველობა. სამაგიეროდ, ვიცით, რომ ზღვრული ასაკის მატება მუდმივად ვერ გაგრძელდება. ბოლო წლებში ამ ტენდენციამ იკლო კიდეც.
აღსანიშნავია, რომ კვლევა მხოლოდ გერმანელებზე ჩატარდა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, არაევროპულ კულტურებში სიბერე სხვაგვარად აღიქმებოდეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Psychology and Aging გამოქვეყნდა.