ინგლისის პრემიერლიგაში 29-ე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „ევერტონმა“ „ლივერპული“ დაამარცხა და ვინ იცის, იურგენ კლოპის გუნდი საჩემპიონო რბოლას ჩამოაშორა.
„ევერტონს“ „ლივერპულთან“ დერბიში ბოლო დროს კატასტროფული შედეგები ჰქონდა: ბოლო 14 წელში მხოლოდ ორი მოგება, კონკრეტულად „გუდისონ პარკზე“ „ევერტონს“ მოძულე მეტოქე ბოლოს 2010 წლის ოქტომბერში დაემარცხებინა, როცა გოლი მიკელ არტეტამაც გაიტანა... უკანასკნელი გამარჯვება დერბიში კი, 2021 წლით თარიღდებოდა, როცა „ლურჯებმა“ „ენფილდ როუდზე“ მოიგეს.
სხვა შემთხვევაში „ლივერპული“ დერბის უბრალოდ არ აგებდა, მაგრამ ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში წააგო.
ჯარედ ბრანთვაითმა და დომინიკ კალვერტ-ლუინმა თითო ტაიმში თითო უპასუხო გოლი გაუტანეს „წითლებს“ და მასპინძლებმა დერბიში ნანატრი გამარჯვება მოიპოვეს - 2:0.
ახლა „ლივერპულის“ საქმე რთულადაა, რადგან სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „არსენალს“ 3 ქულით ჩამორჩება, „მანჩესტერ სიტის“ ქულით უსწრებს, მაგრამ ორი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ კლოპის გუნდმა პრემიერლიგის ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა (1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება), ამავე პერიოდში ევროპა ლიგიდანაც გავარდა, ასე რომ, სეზონის საკვანძო ეტაპს კლოპის ბიჭები ცუდ ფორმაში შეხვდნენ.
„ევერტონმა“ ამ მოგებით 33 ქულა დააგროვა და პრემიერლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, არადა, სატურნირო ცხრილში 8 ქულა აქვს დაკლებული.
დღესვე, პრემიერლიგაში რამდენიმე მატჩი გაიმართა: „კრისტალ პალასმა“ „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ორჯერ აგებდა პრაქტიკულად გავარდნილ „შეფილდ იუნაიტედთან“, მაგრამ 4:2 მოიგო, ხოლო „ბორნმუთმა“ გასვლაზე 1:0 აჯობა „ვულვზს“.