საპატრულო პოლიციამ ავტოპარკი ათი ახალი მოტოციკლით განაახლა

საპატრულო პოლიციამ ავტოპარკი ათი ახალი მოტოციკლით განაახლა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა რებრენდინგის ფარგლებში ავტოპარკი ახალი მოტოციკლებით განაახლა. დღეიდან დედაქალაქს 5 მოტოციკლის ნაცვლად „იამაჰა“-ს მარკის 10 ახალი, „JX 900“-ის მოდელის მოტოციკლი და მოტოპატრულის ეკიპაჟები მოემსახურება.

მოტოპატრულის ეკიპაჟები მთლიანად იქნებიან აღჭურვილი სპეციალური ახალი ფორმებით და მოტოპოლიციელისთვის საჭირო ყველა ტექნიკური საშუალებით.

საპატრულო მოტოციკლების ძირითადი დანიშნულება პიკის საათებში დედაქალაქის ქუჩების საცობებისგან განტვირთვა და მოძრაობის რეგულირება იქნება. ახალი მოტოები თბილისის გადატვირთულ ქუჩებსა და გზაჯვარედინებზე დაიწყებენ პატრულირებას.

იაპონიიდან მოწვეულმა ინსტრუქტორმა 20 პატრულ-ინსპექტორს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი ჩაუტარა. სწავლებაში მონაწილე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს „იამაჰა“-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ტრენინგის დასრულების შემდეგ შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.