ახლახან სელინ დიონი ფრანგული Vogue-ის გარეკანზე მოხვდა და გამოცემასთან ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა. 2022 წელს სელინ დიონს გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა, რის გამოც მომღერალმა ტურნეც გააუქმა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც არ გამოჩენილა. ეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება თანდათან პროგრესირებს, იწვევს ტკივილს, კრუნჩხვებს და კუნთოვან გაშეშებას.
პაუზის შემდეგ მომღერალი წლევანდელ გრემის დაჯილდოებას დაესწრო, შემდეგ კი აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, თუ როგორია გაშეშებული ადამიანის სინდრომით ცხოვრება. სელინ დიონმა ფრანგულ Vogue-თან ინტერვიუში გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"დაავადება არ დამიმარცხებია, ის ჩემშია და ყოველთვის იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ სასწაული მოხდება და სამეცნიერო კვლევები მისი განკურნების გზას აღმოაჩენს, ჯერჯერობით კი მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლო. თავიდან საკუთარ თავს ვეკითხებოდი: რატომ მე? ეს როგორ მოხდა? რა დავაშავე? ჩემი ბრალია? მაგრამ ცხოვრება პასუხებს არ გვაძლევს, უბრალოდ დაავადებასთან ერთად ცხოვრებას უნდა შეეჩვიო. მე ვარჩიე, რომ მთელი სხეულითა და სულით სამედიცინო გუნდთან ერთად ვიმუშაო და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო", — განაცხადა მომღერალმა.
სელინ დიონის თქმით, ამ პერიოდს ყველაზე მეტად ოჯახი, შვილები და გულშემატკივრების სიყვარული უმსუბუქებს. მომღერლის აზრით, ძალიან გაუმართლა და მისთვის საჩუქარია, რომ კარგი ექიმებისა და მკურნალობის მიღების შესაძლებლობა აქვს, რაც დაავადებასთან ბრძოლაში მეტ მოტივაციას აძლევს.
"ცხოვრება დღითიდღე უფრო რთულდება. რთულია, რადგან ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და ხვალინდელი დღე კიდევ უფრო რთული იქნება. არის ერთი რამ, რაც გაჩერების საშუალებას არ მაძლევს და ეს მტკიცე სურვილია. ჩემი სიმღერის მოსასმენად ყოველთვის უამრავი ადამიანი მოდიოდა და ეს იყო იმის დასტური, რომ ნამდვილი მომღერალი ვარ. ცხადია, ეს გრძნობა სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება",— დასძინა სელინ დიონმა.
მომღერალმა თავის ამჟამინდელ მიზნებზეც ისაუბრა. სელინ დიონის თქმით, სურს, რომ აწმყოთი იცხოვროს, რისთვისაც თითოეულ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად დაავადებისა, მომღერლის თქმით, თავს ძალიან იღბლიანად გრძნობს.
"დღეს ჩემთვის დიდი პატივია ფრანგული Vogue-ის ფოტოსესიაში მონაწილეობა, იმის მიუხედავად, რომ 30 წლის ასაკში უფრო ჯანმრთელი და ლამაზი ვიყავი, თუმცა მაშინ ჩემთვის ამის გაკეთება არ უთხოვიათ. მეამაყება, რომ 55 წლის ასაკში მთხოვეს, სილამაზე გამომეხატა. მაგრამ რა არის სილამაზე? სილამაზე შენ ხარ და მეც ვარ. სილამაზე შინაგანია — ეს ოცნებებია, ეს დღევანდელი დღეა და ყველაფერი ის, რაც ჩვენ გარშემოა. დღეს მე ძლიერი ქალი ვარ, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს", — განაცხადა მომღერალმა.
55 წლის სელინ დიონი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად მიიჩნევა. მუსიკოსის კარიერა მან 1980-იან წლებში დაიწყო, საყოველთაო აღიარება კი მან 1988 წელს მოიპოვა, როცა შვეიცარია წარადგინა ევროვიზიაზე და გაიმარჯვა.
დიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალიცაა — მსოფლიოში მისი ჩანაწერების 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ამასთან, ჩანაწერების გაყიდვის მაჩვენებლით, იგი ყველა დროის ყველაზე პოპულარულ კანადელ და ფრანგულენოვან შემსრულებლადაც მიიჩნევა.