2013 წლის 25-26 ნოემბერს სასტუმრო “Holiday Inn”-ში მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე „გამოცდილების გაზიარება საქმიანობის პრიორიტეტულ ასპექტებზე“.
ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ხელმძღვანელი პირები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციის ძირითადი თემები: ზარის ინიციატორის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ერთდონიანი დისპეტჩერიზაცია და ცრუ ზარების პრევენციის საკითხები იქნება.
კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე დემეტრიოს პიროსი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ფინეთის, რუმინეთის, ესპანეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ხორვატიის, იტალიის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის ანალოგიური უწყებების მაღალი თანამდებობის პირები. მოწვეულ სტუმართა შორის არიან საქართველოს შსს-ს ხელმძღვანელი პირები, „112“-ის მომიჯნავე სამსახურების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
კონფერენცია ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტის ინიციატივითა და ევროკომისიის ხელშეწყობით ტარდება.