ღვიძლის უჯრედებში შეუწყვეტლივ მიმდინარეობს ბევრი ქიმიური რეაქცია, მაგალითად, ალკოჰოლის გადამუშავება, ტოქსინების გამოდევნა, გლუკოზის მარაგის შექმნა და მისი გაცემა, ქოლესტერინისა და სხვა ლიპიდების წარმოქმნა და ცვლა, ნაღვლის გადამუშავება...
ღვიძლის უჯრედებს შესწევს აღდგენის უნარი, მაგრამ ეს გარკვეულ ზღვრამდე შეუძლია. ალკოჰოლმა, ზოგიერთმა წამალმა, ვირუსებმა, შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ღვიძლს, რაც მაშინვე აისახება მთელ ორგანიზმზე.
ამ დროს იცვლება სახის ფერი, ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა, პირის ღრუში ჩნდება უსიამოვნო სუნი. ამ დროს სასწრაფოდ უნდა ჩაიტაროთ სისხლის ბიოლოგიური ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა. ასევე, აუცილებელია ანალიზი ჰეპატიტის ვირუსზე, რომელიც შვიდი სახისაა. მათგან A და B ჰეპატიტით დასნებოვნება დაკავშირებულია წყალთან და ჰაერთან, ასევე, საკვებთან. დანარჩენი 5 ვირუსი კი ორგანიზმში სისხლით ხვდება.
ღვიძლის დაუძინებელი მტერია ალკოჰოლი. სპირტი გადამუშავდება ღვიძლის უჯრედებით. მაგრამ, თუ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით მიიღებთ, ღვიძლში ირღვევა ცვლის პროცესი, უჯრედები კვდება და ვითარდება ციროზი. ამიტომ, ეცადეთ, არ გადატვირთოთ ღვიძლი ალკოჰოლით. ასევე, არ ჭამოთ ცხიმიანი, შემწვარი, მწარე და შებოლილი პროდუქტები დიდი რაოდენობით.
ახალი ხილი და ბოსტნეული ღვიძლის გამწმენდია. ასევე კარგია მარცვლეულის ქატო. ეს ყველაფერი შეიცავს ბევრ უჯრედისს და პექტინურ ნივთიერებას. ისინი ორგანიზმიდან გამოდევნიან მძიმე ლითონებსა და ტოქსინებს. ღვიძლისთვის კარგია ვიტამინები ნატურალური სახითაც, ზეთებიდან კი სიმინდის, ზეითუნისა და მზესუმზირის ზეთი.