ჩხუბი

ჩხუბი "მის ქუთაისის" ფინალზე და კონკურსანტები "ქართული ოცნების" დროშებით და მაისურებით

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში ჩატარებული "მის ქუთაისის" შესარჩევი კონკურსი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით გაიხსნა, შემდეგ კი კონკურსის მონაწილეები "ქართული ოცნების" დროშებითა და მაისურებით გამოვიდნენ. 

აღნიშნულმა ფაქტმა მაყურებლის და ჟიურის უკმაყოფილება გამოიწვია. მაყურებელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა. სააბოლოოდ, "მის ქუთაისის" გამოსავლენად ჩატარებული სილამაზის კონკურსი ჩხუბით დასრულდა. 

"ღონისძიება რომ გაიხსნა, შუქი ჩაქრა და დარბაზში ნაცნობი კაცის ხმა გავიგონეთ, რომელიც ამბობდა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა და ერთ მუშტად შეკრულს გვტოვებდა. ამის შემდეგ დარბაზში "ქართული ოცნების" დროშებითა და მაისურებით 60-მდე ბავშვი შემოვარდა, რომლებიც გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავდნენ. 

ჟიურის ერთ-ერთი წევრი მარიკა ბერძენაძე, რომელიც პარლამენტის აპარატის თანამშრომელია, სცენაზე ავარდა და ორგანიზატორს უთხრა, ეს რა უბედურებაა, ქუთაისს თქვენ და თქვენნაირები ჭრით თავსო. კონკურსის დასასრულს ჟიური ნომინაციების ჩამოსაწერად გავიდა და ნომინაციების შერჩევაზე ჩვენ მართლა ვწყვეტდით ერთმანეთს, როცა მოვრჩით და დარბაზში გამოვედით, ღონისძიება უკვე დასრულებული დაგვხდა. ორგანიზატორმა თვითონ ჩამოარიგა წლოვანების მიხედვით მისების და ვიცე-მისების ნომინაციები. ჩვენ რომ ვთქვით, რომ ეს ნომინაციები ჟიურის შერჩეული არ იყო, ამაზე ორგანიზატორმა ყველას დედები გვაგინა და კახა კალაძესთან დარეკვით დაგვემუქრა. ჩვენ ვუთხარით, კალაძემ რა უნდა ქნას, დიდი დიდი შუქი გაგვითიშოს-თქო. ერთი სიტყვით, საშინელება ხდებოდა, ცოდვა-მადლის განკითხვა იყო," - ჰყვება ჟიურის წევრი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.