მსახიობი გიჟური კომახიძე ერთ სახალისო ისტორიას არაერთხელ იხსენებდა:
„ჯარისკაცის მამას“ რომ ვიღებდით, ყველაზე მეტს მე ვნერვიულობდი. ალბათ, იმიტომ, რომ პირადად ბატონ სერგო ზაქარიაძესთან მიწევდა მუშაობა.
რაიხსტაგის აღების ეპიზოდს ვიღებთ. მე – გოდერძი მახარაშვილი – მაღლა ვარ, გამოწყობილი ტანკისტის ფორმაში და ველოდები ჩემს ეპიზოდს. წუთით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ წუთით და გაისმა ბატონ რეზო ჩხეიძის ხმა: - მატოოორრრრ!
მერე ატყდა და რა ატყდა, ასეულობით ავტომატი ისვრის ათასობით ტყვიას, ყოველივე ამას თან ახლდა ყუმბარების გამაყრუებელი ბათქი. ახლა მიკვირს, მაშინ როგორ არ დავყრუვდი. ვინც ფილმი იხილა, კი გემახსოვრებათ, რომ შტურმის შემდეგ დროებით „ზატიშიეა“.
- შეწყვიტეთ სროლა, - ისმის მეთაურის ხმა და გერმანელებს წინადადება მისცეს, უპირობოდ დაეყარათ იარაღი.
გიორგი მახარაშვილი რომ თანამებრძოლს ეუბნება, - „პრეკრატიტ, ბიჭო, პრეკრატიტო“, ის მომენტია და მოულოდნელად ერთი ტანსაცმელჩამოფლეთილი მეომარი წამოხტა და კიბეებს ეკვეთა.
- ვპერიოოოდ, ბრატცი! ზა როდინუუუ! ზა სტალინუუუ! – იღრიალა და დაასკდა კიდევაც კიბეს. სწრაფადვე წამოხტა, მაგრამ ცხვირ-პირი სისხლით აქვს მოთუთხნული.
ვუყურებ ამ ამბავს ზემოდან, ჩემი პოზიციიდან, და ვერაფერი გამიგია, სცენარში ასეთი არაფერი ყოფილა, არც რეპეტიციებზე მინახავს ეს კაცი. აფუჭებს ამხელა ეპიზოდს. ვიღაცამ მოიფიქრა და გამოუდგნენ დასაჭერად. მომდევენოოო?! თან ავტომატიანებიოოო?! ეს რუსი სულ დაფრთხა და გადაირია.
- ნე ვაზმიოწე, სუკი! – იყვირა და იბრუნა პირი თავდაღმა კიბეებისკენ, აქ კი ვეღარ მოზომა, ერთ ჩანგრეულ საფეხურზე ფეხი გადაუბრუნდა და მოჭრილ მუხასავით დაასკდა კიბეებს. მდევრებმა თავი ვეღარ შეიკავეს და ერთმანეთის მიყოლებით ბარე 5-6 ავტომატიანი წამოემხო თავზე იმ საწყალს.
საწყალი უძახე შენ, გამოძვრა მარჯვედ ამ ზედახორიდან და კვლავ აღმა ეკვეთა კიბეებს „ზა როდინუს“ ძახილით. მოკლედ, კინაღამ მარტო მოიგო ამხელა და ამდენწლიანი ომი. ძლივს დაიჭირეს.
დაკითხვა დიდხანს არ გაგრძელებულა. თურმე ის უბედური თავის დროზე მართლა ყოფილა ფრონტზე, მერე, როგორც ხდება ხოლმე, გალოთებულა. ფილმის გადაღების დროს, წინა ღამეს, მთვრალი შეპარულა გადასაღებ მოედანზე და ნანგრევებში მიყუჩებულს ჩაძინებია კიდევაც.
გადაღების დაწყების მომენტში სროლა-ყიჟინის ხმაზე გაუღვიძია, თავი ფრონტზე ჰგონებია და იყვირებდა „ზა სტალინა“, აბა რა ჭირს იზამდა?! საწყალი ისე იყო დასისხლიანებული, მგონი, ამდენი სისხლი ნამდვილ ომშიც არ დაუკარგავს“.