კინოსტუდია “ქართული ფილმის” მემონტაჟე დალი კოლხიდაშვილი ერთ კურიოზულ ისტორიას იხსენებს, რომლის მთავარი მომქმედი გმირი ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი იყო.
“ტატო კოტეტიშვილის ფილმის “ისინი” გადაღება თავიდან ბოლომდე კურიოზებით იყო სავსე. თავგადასავლები ფილმის გადასაღებად წასვლამდე აიკინძა.
გადაღებაზე ზოგმა ცოლი წამოიყვანა, ზოგმა “ნაშა”, ზოგმაც ვითომ მამიდაშვილი და ჩვენ - რეჟისორი, ფილმის მემონტაჟე და მთავარი როლის შემსრულებელი ვეღარ დავეტიეთ თვითმფრინავში.
მოკლედ, არასაჭირო ხალხით გაიძეძგა თვითმფრინავი და ჩვენ, ვინც მართლა ფილმისთვის აუცლებლები ვიყავით, გარეთ დავრჩით. გაფრინდა მხოლოდ ჩვენი ბარგი და ხელჩანთები, სადაც გვეწყო ფულთან ერთად სახლის გასაღებებიც, დავრჩით ასე ღვთის ანაბარად.
სხვა გზა არ გვქონდა, ყველაზე სტუმართმოყვარე ნაცნობს უნდა მივდგომოდით. არჩევანი ვახუშტი კოტეტიშვილზე შევაჩერეთ, რადგან ბიძია ვახუშტი ამგვარ შემთხვევებში მართლაც რომ გაჭირვების ტალკვესი იყო.
ვეწვიეთ და ბოროტად ვისარგებლეთ მისი სტუმართმოყვარეობით. ერთი კვირა ფეხი არ მოგვიცლია მისი ოჯახიდან.
ბოლოს, გადაიღალა ჩვენი ტაშ-ფანდურით და იძულებული გახდა, თვითონვე აეღო ბილეთები ჩვენი მთა-თუშეთში გასაფრენად”.