ეჭვი არაა, ბევრ ქალს თეთრი შურით შეშურებია ნიკოლ ქიდმანის, ანჯელინა ჯოლის, დემი მურის, ნატალი პორტმანისა და სხვა მეგავარსკვლავების აღნაგობის. დღეს ისინი თავიანთ პატარა „ეშმაკობებს” გაგიზიარებენ. მიჰბაძეთ მათ და, გვერწმუნეთ, შურის მიზეზი თითქმის აღარ გექნებათ.
ნიკოლ კიდმანი: როცა სასუსნავი მოენატრება, ქიშმიშს აურევს ცოტაოდენ ნატურალურ თაფლში, მიღებულ მასას უსვამს სალათის ფოთლებზე, გადაახვევს და მადიანად ახრამუნებს. გემრიელია, სასარგებლო და, სხვათა შორის, სულაც არ ასუქებს.
დემი მური: მიირთმევს ძირითადად უმ პროდუქტებს. როცა სასწრაფოდ სჭირდება წონაში დაკლება, გადადის ქატოს დიეტაზე.
რენე ზელვეგერი: არ უყვარს მკაცრი დიეტები, მაგრამ ყოველთვის იცავს ერთ წესს: ხორცის ან პურის ნაჭერი (ერთ ჯერზე) სიგრძითა და სიგანით არ უნდა აღემატებოდეს ბანქოს ქაღალდს.
ვიქტორია ბექჰემი: მის რაციონში ძირითადად ზღვის პროდუქტები შედის, ოღონდ, ცხადია, უპუროდ.
კრისტენ დანსი: ყოველდღე მიირთმევს კიტრსა და პაპაიას.
ნატალი პორტმანი: ვეგეტარიანელია. ძირითადად მიირთმევს: სოიას, ხაჭოს, ბროკოლის, ბოსტნეულის სუპსა და ომლეტს.
ანჯელინა ჯოლი: ითვლის ცილებს, ანუ, საკუთარი წონის თითოეულ კილოგრამზე – 1 გრამი ცილა.
კლაუდია შიფერი: მენიუდან ამოღებული აქვს ყავა და ალკოჰოლი. სადილობამდე ნახევარი საათით ადრე, მადის მოსაკლავად, მიირთმევს უმ ბოსტნეულს, ხილს და სვამს სამკურნალო ბალახის ჩაის ან ტომატის წვენს.
ჯულია რობერტსი: თითქმის ყოველდღე მიირთმევს შემწვარ ქათამს, ოღონდ, მომზადების საკმაოდ უცნაური რეცეპტი აქვს: გაწმენდილ-გარეცხილ უმ ქათამს ასხამს უცხიმო იოგურტს (ისე, რომ დაიფაროს), აყრის ბლომად „ჰერკულესს” და მხოლოდ ამის შემდეგ დგამს აირღუმელში. პერიოდულად კი გადადის ზღვის პროდუქტების დიეტაზე.
მადონა: ნებისმიერი საკვების ყოველ ლუკმას მინიმუმ 50-ჯერ ღეჭავს.
ჯენიფერ ლოპესი: მიირთმევს ყველაფერს, თვით ჩიზბურგერებსაც კი, ოღონდ, მკაცრად იცავს წესს: დღეში მხოლოდ 1 500 კილოკალორია!
სინდი კროუფორდი: კვირაში ერთხელ, როგორც წესი, სინდი აწყობს ბრინჯის დღეს. დანარჩენ დღეებში კი თავს დიდად არ იზღუდავს.
უმა ტურმანი: პერიოდულად იცავს ეგრეთ წოდებულ „ტკბილ დიეტას”: ის დარწმუნებულია, რომ ნაყინი, შოკოლადი, მუსები, ათქვეფილი ნაღები და ნამცხვარიც კი, არავითარ შემთხვევაში არ გაგასუქებთ, თუ რამდენიმე დღის განმავლობაში მათ გარდა არაფერს მიირთმევთ.
კამერონ დიასი: არასდროს ამბობს უარს ფასტფუდის საკვებზე, რის შემდეგაც ორი საათის განმავლობაში დადის ფეხით, 8 კილომეტრ-საათი სიჩქარით, რისი წყალობითაც „წვავს” 1 000 კილოკალორიას.
მერაია ქერი: სასუსნავის ნაცვლად მერაია პირში იდებს ყინულის კუბიკს (ყინულის პირის ღრუში გადნობის შედეგად ორგანიზმი კარგავს 40 კილოკალორიას).
კაილი მინოუგი: იდეალური აღნაგობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებად კაილის ცეკვა მიაჩნია. მაგრამ, თუ სასწრაფო ზომებია მისაღები, მომღერალი ფორსმაჟორულ დიეტას მიმართავს: ნახევარი ფორთოხალი საუზმეზე, ნახევარი – სადილზე და ნახევარი – ვახშმად, ანუ, ერთი დღის განმავლობაში სულ ერთ-ნახევარი ფორთოხალი.