ირანის გამაფრთხილებელი აქტი და ახალი საფრთხე რეგიონში - უპასუხებს თუ არა ისრაელი ირანის თავდასხმას?!

ირანის გამაფრთხილებელი აქტი და ახალი საფრთხე რეგიონში - უპასუხებს თუ არა ისრაელი ირანის თავდასხმას?!

დღეს უკვე ახალი სამხედრო ესკალაციის კონტურები გამოიკვეთა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქადის რეგიონს - ირანმა პირდაპირი შეტევა განახორციელა ისრაელის ტერიტორიაზე და მისი მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ მათი 99% მოიგერიეს, იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაშავდა და დაშავებული 7 წლის გოგონაა.

ირანული მხარე აცხადებს, რომ ირანის ისლამური რეპუბლიკა „თავდაცვითი ოპერაციების გაგრძელებას არ აპირებს, თუმცა, თავს უყოყმანოდ დაიცავს ნებისმიერ ახალი აგრესიისგან. ახლა კი ჯერი ისრაელზე მიდგა - უპასუხებს თუ არა ის ირანს - ამ შემთხვევაში ირანი იმუქრება, რომ ის პირდაპირ უპასუხებს ისრაელის შესაძლო თავდასხმას. ამ ყველაფერს კი მსოფლიოს ახალი დღის წესრიგისკენ მივყავართ და შედეგად, რადიკალურად შეცვლილ გეოპოლიტიკურ რეალობას ვიღებთ.

საქართველოს ყოფილი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ირანს ომი არ სურს. მისივე შეფასებით, ირანმა წინასწარ გააფრთხილა ისრაელის მეზობელი ქვეყნები ამ თავდასხმის შესახებ, რომ თავად ისრაელიც მზად დახვედროდა შეტევას.

„ეს არ იყო ირანის მიერ ინიცირებული შეტევა, ეს იყო იმ თავდასხმაზე პასუხი, რომელიც ისრაელმა სამი კვირის წინ, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განახორციელა და შედეგად 6-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გენერლები. ამიტომ, ირანმა თქვა, რომ ამას არ შეარჩენდა და აუცილებლად უპასუხებდა. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ გადაზრდილიყო ფართომასშტაბიან, შეუქცევად ომში და ასევე, პასუხად ჩათვლოდა, რომ შური იძია - თავისი მოსახლეობის წინაშე რომ არ გამოჩენილიყო უუნარო, უპასუხისმგებლო სახელმწიფო.

ირანმა წინასწარ გააფრთხილა ისრაელის მეზობელი სახელმწიფოები - იორდანია, თურქეთი, ლიბანი. ამაში ჩართული იყო ეგვიპტე, რომ შეეტყობინებინა ისრაელისთვის. ვფიქრობ, ეს იყო ერთჯერადი საპასუხო რეაქცია და არ გადაიზრდება საომარ მოქმედებებში თუ ისრაელი ხელახლა არ უპასუხებს. მთავარი ახლა ის არის, ისრაელი როგორ მოიქცევა. აშშ, ბრიტანეთი და ბრიუსელის მოკავშირეები როგორ მოახერხებენ ისრაელი დაარწმუნონ, რომ არ ღირს მან ამას უპასუხოს და ჩათვალოს, რომ წარმატებას მიაღწია - ეფექტურად მოიგერია ირანის შეტევა.

ჯერჯერობით, არ ჩანს ფართომასშტაბიანი ომის გაგრძელების საფრთხე, თუმცა, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა. ამას გვაჩვენებს უახლოესი ორი კვირა. ისრაელმაც უნდა მოიფიქროს, დაგეგმოს და ან განახორციელოს ან არა ირანზე შეტევა. ფაქტია, ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელ ისტორიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ირანმა პირდაპი მიიტანა იერიში ისრაელზე, ოღონდ როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ. კონკრეტული დაჯგუფებები ისრაელი წინააღმდეგ აქამდეც ახორციელებდნენ ღონისძიებებს, მაგრამ ირანი არ ჩანდა, როგორც სახელმწიფო. ირანმა, როგორც სახელმწიფომ, პირველად დაარტყა ისრაელს და ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოწვევაა. იმედია ისრაელი მიხვდება, რომ არ უნდა ააფეთქოს სხვაგან ირანის საელჩოები და სახელმწიფო ობიექტები ან პირდაპირ ირანს დაარტყას.

ისრაელის შემდეგ ნაბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ ირანის წინააღმდეგ განცხორიელებული ღონისძიება. ეს უკვე გამოიწვევს შეუქცევად, ფართომასშტაბიან ომს. ისეთი ფორმით განახორციელა ირანმა ეს შურისძიების აქტი, რომ ვფიქრობ, მას არ სურს გაგრძელდეს ომი. მან მინიმუმამდე დაიყვანა შესაძლო მსხვერპლთა რაოდენობა, ასევე წინაწარ გააფრთხილა, რომ მომზადებული ყოფილიყო და მისი რაკეტები და დრონები ჩამოეგდო. ირანის სურვილი ჩანს, რომ მას არ უნდა ომი, მაგრამ მას სჭირდებოდა, რომ ეპასუხა რაღაცით ისრაელისთვის. თუ ამ სურვილს ისრაელიც ამოიკითხავს, მაშინ ეს ყველაფერი ომში არ უნდა გადაიზარდოს.

ისრაელში, რაც ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამოუკიდებლად არსებობს, ყველაზე რადიკალური მმართველობაა დღეს და თუ ისრაელი, თავისი აგრესიიდან გამომდინარე, ჩათვლის, რომ ირანს უნდა უპასუხოს, ეს გამოიწვევს შეუქცევად საომარ მოქმედებებს. თუმცა, ეს ამ ეტაპზე არ ჩანს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ირანის შეტევა იყო ისრაელის მიერ განხორციელებული აქტის შედეგი. მისი თქმით, ისრაელი უშუალოდ ირანს თავს არ დაესხმევა, შესაძლოა, მან დაატყას სხვა სახელმწიფოებში მოქმედ ირანულ დაჯგუფებებს.

„ყველაფერი დამოკიდებულია ისრაელზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის. ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა, ფაქტობრივად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაუტოვოს პრეროგატივა ამჟამინდელ და ყოფილ თავდაცვის მინისტრებს, უპასუხონ თუ არა ირანს.

ირანმა ჩათვალა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და არ აპირებს ისრაელზე შემდეგი დარტყმების განხორციელებას, თუმცა ჯერი ახლა ისრაელზეა. ერთი ვარიანტია, - ისრაელმა შეიძლება დაარტყას არა უშუალოდ ირანს, არამედ ირანის მომხრე დაჯგუფებებს ლიბანში, სირიაში, შესაძლოა ერაყშიც. ან, არ არის გამორიცხული ისრაელმა მიაყენოს დარტყმა ბირთვულ ობიექტებს ირანის მიმართულებით.

სიტუაცია საკმაოდ საშიშ ფეთქებადია არა მხოლოდ აღმოსავლეთ რეგიონში, არამედ სპარსეთის ყურეში და არ არის გამორიცხული რაღაცნაირად ჩვენს რეგიონზეც აისახოს.

ირანმა გაუშვა ისეთი ტიპის ბალესტიკური და უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც მოძველებულია და ვფიქრობ, უბრალოდ, მოცილება უნდოდა. ეს არ იყო დიდი ზარალის მომყენებელი. ირანმა გამაფრთხილებელი, საცდელი დარტყმა განახორციელა, რაც პირველი შემთხვევა იყო. ირანს, როგორც ჩანს, გააჩნია სხვა ძლიერი დატყმის გეგმა. ეს იყო შურისძიება იმაზე, რაც ისრაელმა სირიის არაბთა რესპუბლიკაში განახორციელა, როდესაც ირანის საელჩოს საკონსულო დაბომბა და რამდენიმე ირანელი მაღალჩინოსანი დაიღუპა - ისინი კოორდინაციას ახორციელებდნენ ისრაელის თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.