გარდა იმისა, რომ დღეს დიდი ქართველი პოეტი – ბესიკი დაიბადა, 6 თებერვალი ასევე უმნიშვნელოვანესი დღეა, ქართული თეატრის მოყვარულთათვის. დღეს ხომ, ქართველი რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 90 წელი სრულდება.
თუმანიშვილმა 1949 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ტოვსტონოგოვის კლასი). 1949-1971 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში რეჟისორად. 1965-1966 წლებში მთავარ რეჟისორად. 1971-1975 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, 1975 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. 1949 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგად დაიწყო მუშაობა (1973-იდან პროფესორი). 1978 წელს საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მისივე სახელოსნო ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი.
თუმანიშვილი იყო მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. ეს წოდება 1980 წელს მიენიჭა წიგნისათვის “სანამ რეპეტიცია დაიწყება“. 1986 წელს მიენიწა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. თუმანიშვილი გარდაიცვალა 1997 წელს მაისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თუმანიშვილის დადგმები გამოირჩევა მკაფიო თეატრალური ფორმით, ემოციურობით, ლაკონიზმით, დახვეწილი გემოვნებით, მაღალი პროფესიული კულტურით. რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია : ფუჩიკის “ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“, ფლეჩერის “ესპანელი მღვდელი“, ბუაჩიძის “ამბავი სიყვარულისა“, ნახუცრიშვილის “ჭინჭრაქა“, ანუის “ანტიგონე“ და სხვა. თუმანიშვილმა თავისი შემოქმედებითი გამოცდილება განაზოგადა წიგნში “სანამ რეპეტიცია დაიწყება“.