„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ორად გაყო. ნაწილი აღნიშნულ კანონონპროექტს რუსულს უწოდებს, ნაწილი კი მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ კანონს მხარს უჭერს. მომღერალი ბექა ჩხაიძე კულტურის სფეროს იმ ნაწილს მიეკუთნება, რომელიც მხარს უჭერს კანონპროექტს და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტიც გამოაქვეყნა. მომღერალი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ანტიქართულ კამპანიას არ აყვნენ.
For.ge ბექა ჩხაიძეს ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, საზოგადოების ნაწილს რატომ არ სურს „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და რატომ ჰგონიათ ის „რუსული კანონი“?
ბექა ჩხაიძე: ძალიან კარგად იციან, რომ „რუსული კანონი“ არაა, უბრალოდ, ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანია აქვთ წამოწყებული. სამწუხაროდ, ხალხს აჯერებენ თუ ეს ადამიანები იჯერებენ, რომ კანონი „რუსულია“, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ოპოზიციას საზოგადოება ტყუილში შეჰყავს. რუსული კანონი როგორ არის, როცა ანალოგიური კანონის ინიცირება ხდება საფრანგეთში, სლოვაკეთში და ამერიკაში კი მოქმედია. ოპოზიციას მესიჯბოქსი აქვს ასეთი, რომ ანტიქართული კამპანია აწარმოონ და ამიტომაც კანონს რუსულს უწოდებენ. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი ამ კამპანიას ჰყვება. მცხეთელი პედაგოგი სოციალურ ქსელში წერს, რომ „არა რუსულ კანონს“ და პასუხს ვერ სცემს თქვენს კოლეგებს თუ რატომ არის რუსული კანონი.
ფაქტია, ამ კანონმა საზოგადოება ორ ნაწილად გაყო, მათ შორის კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებიც...
- ეს ყველაფერი ძალიან გულდასწყვეტია. ხელისუფლება გამოდის და დეტალურად ხსნის, რომ რატომ არ არის კანონი რუსული, მაგრამ ოპოზიცია ყველაფერს რუსულს არქმევს. 2008 წლის ომის შემდეგ, მათი ბელადი რუსებს ხელს რომ ართმევდა, საზღვარზე ხვდებოდა და თქვენი ჭირიმე ომი ომია, მაგრამ ჩვენ ბიზნესი უნდა ვმართოთო, მაშინ ის ყველაფერი რუსული არ იყო?! ძალიან გული მტკივა ხელოვნებისა და სპორტსმენების განცხადებებზე. კანონი პასუხგაუცემელი რომ იყოს, კი ბატონო, მაშინ შეიძლება გამოთქვა უკმაყოფილება. რადიკალებს კანონი კი არ აღელვებთ, არამედ მათი მიზანია, მიშა იყოს თავისუფალი და ამას არც მალავენ, აქციების დროსაც ვნახულობთ ბანერებს „თვისუფლება მიშას“. ბინძური პიარით ხელისუფლებას ეჯახებიან, რათა ქვეყანაში არეულობა მოაწყონ. ყვავილებით მოვიდნენ და იმ ყვავილის ფერის სისხლით შეღებეს ქვეყანა, ახლაც იგივეს გაკეთება სურთ, მაგრამ ის ხალხი უფრო მეტნი ვართ, ვისაც აღარ გვინდა არეულობა.
თვლით თუ არა რომ მმართველმა გუნდმა შეცდომა დაუშვა იმაში, რომ ვიდრე დააინიცირებდა კანონპროექტს საზოგადოებას დეტალურად არ გააცნო, თუ რას მოიცავდა აღნიშნული კანონი, რათა ასეთი აჟიოტაჟი არ გამოეწვია?
- გასულ წელსაც ჩამოწერილი იყო, თუ რას შეიცავდა კანონი და დეტალები ახლაც ცნობილია. შარშან მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან იმიტომ გაიწვია, რომ რადიკალებმა ქუჩაში სტუდენტები გამოიყვანეს და ვნახეთ, რა არეულობაც მოაწყვეს. სააკაშვილის დამქაშებს როცა მოუნდებათ, სტუდენტებს ქუჩაში მაშინ ვერ გამოიყვანენ, ქვეყანა ასე არ იმართება. უბრალოდ, სამარცხვინოა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია კიდევ რომ აქვს. უბედურება ის არის, რომ ეს პარტია ისევ არსებობს, მაგრამ მალე დაგება დრო და, ერთხელ და სამუდამოდ, გაქრება. საერთოდ ხმა არ აქვთ ამოსაღები. ყვავილებით მოსულები ხალხს ბიზნესებს შუაღამისას ართმევდნენ, ასეთი რამ აღარ მოხდება. შეიძლება ახალგაზრდა თაობას მიშა სააკაშვილის პერიოდი არ ახსოვდეს, რაღა მაინც და მაინც ეს პერიოდი არ ახსოვთ? ციხეში 70 პროცნტს რომ კლავდნენ, რატომ არ ახსოვს ახალგაზრდა თაობას? მაგრამ ჩვენ გვახსოვს და იგივე სიმწარეს ქვეყანაში აღარ დავაბრუნებთ.
ასევე კანონს არ იწონებენ უცხოელი პარტნიორებიც. როგორ ფიქრობთ, თუკი ევროპაში, ამერიკაში მოქმედებს კანონი, ჩვენთან რატომ აქვთ პრეტენზია?
- უცხოელ პარტნიორებს იმიტომ არ მოსწონთ, რომ ეს კანონი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ამყარებს. რაც შეეხება ევროკავშირს, უახლოეს მომავალში დააანონსებული აქვთ ინტერესების გამჭირვალობის კანონპროექტის მიღება, მაგრამ საკუთარს ივიწყებენ და ჩვენთან აფათურებენ ხელებს. ყველა უნდა მიხვდეს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა ვართ და მყარად ვიდგებით ფეხზე. ჯობია, შიდა გაურკვევლობა ჩვენ ერთანეთში გავარკვიოთ, ვიდრე უცხოელებმა გვირკვიონ და შიდა პოლიტიკურ საკითხებში აფათურონ ხელები. მათ საქართველო ტერიტორიის გამოსაყენებლად უნდათ მხოლოდ. მადლობა ღმერთს, რომ ამ ხელისუფლების დროს არეულობა არ იქნება. სწორედ, ამიტომ, არ უნდა ოპოზიციას ეს კანონი, რადგან გამჟღავნდება, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან და ფულს აქციებისა და ქვეყნის არეულობის მოწყობაში იღებენ. ამიტომ არც ოპოზიციას, არც მათ მედია საშუალებებს და ენჯეოებს არ უნდათ წელიწადში ერთხელ დაწერონ საიდან, როგორ იღებენ ფულს. არ აწყობთ „შავი ფულის“ დაკარგვა.
ვინაიდან ამ კანონის გამო კულტურისა და სპორტის საზოგადოება ორად გაიყო, თვლით თუ არა, რომ მმართველი გუნდი უნდა შეხვდეს ამ ორი სფეროს წარმომადგენლებს და დეტალურად გაცნოს კანონი, რათა არ იყვნენ შეცდომაში შეყვანილები?
- როგორც მე ვიცი, აღნიშნული შეხვედრა იგეგმება. რა კანონზეა საუბარი, როგორც მედია საშუალების, ასევე სოციალური ქსელის საშუალებით მმართველი გუნდი საზოგადოებას ესაუბრება. რაც მთავარია, პირველ რიგში, ერთმანეთის მიმართ ზიზღი უნდა გაქრეს და ერთმანეთი მაქსიმალურად უნდა შევიყვაროთ, თორე ისე არაფერი გვეშველება. ამას თესავენ ბოროტი ძალები, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ, მაგრამ სიყვარულით ყველაფერში ერთად გავიმარჯვებთ.