ამერიკელი მსახიობი ზენდეია ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა მაყურებელმა დისნეის სიტკომ Shake It Up-ში შესრულებული როლით გაიცნო. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ სწორედ დისნეისთან თანამშრომლობის გამო, მსახიობს უმაღლეს სკოლაში (დამამთავრებელი კლასები აშშ-ში) არასდროს უვლია. სამაგიეროდ, წლების განმავლობაში ის სხვადასხვა სერიალსა თუ ფილმში უმაღლესი სკოლის მოსწავლის როლებს ასრულებდა: HBO-ის ეიფორია, Marvel-ის ადამიანი-ობობა... "მოსწავლეობას" ზენდეიამ სულ ახლახან დააღწია თავი, როცა ლუკა გუადანინოს მორიგ ფილმში, Challengers, ცნობილი ჩოგბურთელი და 30 წელს გადაცილებული დედა განასახიერა. ეს კი მისთვის ნამდვილად იყო სიახლე.
"ყოველთვის უმაღლეს სკოლაში ვარ ხოლმე", — ამბობს მსახიობი ჟურნალ Vogue-თან უახლეს ინტერვიუში, — "გაითვალისწინეთ, რომ თავად არასდროს მივლია უმაღლეს სკოლაში. ეს [Challengers-ის როლი] სიახლე იყო, თან, რაღაცნაირად შემზარავიც; ვფიქრობდი, იმედია, ხალხი ჩემი ნამდვილი ასაკის მქონედ ან ოდნავ უფროსად ჩამთვლის, რადგან ჩემს მეგობრებს უკვე შვილები ჰყავთ, ზოგსაც მალე ეყოლება-მეთქი".
ინტერვიუში მსახიობმა ასევე ისაუბრა ადრეულ ასაკში დაწყებული კარიერის ცუდ მხარეზე: მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნასა და თინეიჯერობის "გამოტოვებულ" ეტაპზე.
"ბავშვებზე, ცნობადობაზე, საჯაროობაზე ან ბავშვობაში დაწყებულ მსახიობობაზე შეხედულების ჩამოყალიბება მიჭირს. ბევრჯერ გვინახავს, როგორი სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე ამას", — აღნიშნავს ზენდეია, — "ახლა ლამის გაღიზიანებული თინეიჯერის ეტაპს გავდივარ, რადგან წინათ ამის დრო არ მქონია. ნაადრევად მომიწია გაზრდა: ოჯახის რჩენაზე ზრუნვა, როლების გაცვლა და ზრდასრულად ჩამოყალიბება".
ამასთან, მსახიობი ამბობს, რომ კარიერის დაწყების შემდეგ, თავი ვალდებულად ჩათვალა, "ყველას მოლოდინი გაემართლებინა".
"ახლა კი, როცა ჩემს კარიერაში ასეთი მნიშვნელოვანი მომენტებია — პირველი მთავარი კინოროლი, მაგალითად — თითქოს განზე ვხტები და ამ ყველაფრით ვერ ვტკბები, რადგან ასეთად ჩამოვყალიბდი. ძალიან დაძაბული ვარ და, მგონი, ეს განცდა ბავშვობიდან მომყვება, როცა რაღაცების გამოცდის შესაძლებლობა არ მომცემია. ვისურვებდი, სკოლაშიც მევლო".
სირთულეების მიუხედავად, ზენდეია ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავად იქცა. 27 წლის მსახიობს ეიფორიაში შესრულებული როლისთვის მიღებული აქვს ოქროს გლობუსისა და ემის ჯილდოები. ამასთან, 2022 წელს ჟურნალმა Time-მა ზენდეია მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაც დაასახელა.