საქართველოში წელს 33,2 ტონა პრეზერვატივი შემოვიდა. 2013 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში პრეზერვატივის იმპორტის სტატისტიკური მონაცემები "ამბები.გე"-ს სტატისტიკის სამსახურიდან მიაწოდეს.
საქართველოში პრეზერვატივის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა გერმანიაა, საიდანაც წელს 10.8 ტონა პრეზერვატივი შემოვიდა. გერმანიის შემდეგ, მალაიზია მოდის. იმპორტიორი ქვეყნები არიან ასევე რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, უკრაინა, აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, სინგაპური, ტაილანდი და ა.შ.
სტატისტიკის სამსახურიდან Ambebi.ge-ს გასული წლების სტატისტიკაც მიაწოდეს. ოფიციალური მონაცემებით, შარშან საქართველოში 36.9 ტონა პრეზერვატივის იმპორტი განხორციელდა, 2011 წელს - 20,8 ტონა, 2010 წელს - 23,1 ტონა, 2009 წელს კი - 19,5 ტონა.
როგორც ირკვევა, ბოლო წლებში პრეზერვატივების არა მხოლოდ იმპორტი გაიზარდა, არამედ მოხმარებამ იმატა და შესაბამისად, მოთხოვნაც გაიზარდა.
როგორც დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა ამბობს, ზოგადად კონტრაცეპტივების რაოდენობა არის გაზრდილი, განსაკუთრებით კი ეს თანამედროვე კონტრაცეპტივებს ეხება, რაც რეპროდუქციული ჯანმრთელობის ბოლო კვლევითაც დადასტურა.
"როდესაც პრეზერვატივების მოხმარება იზრდება, აბორტების რიცხვი მცირდება და ამ ფონზე შობადობის რიცხვი იზრდება. აბორტების რიცხვი შემცირებულია, რაც ძალიან დადებითი მოვლენაა", - აცხადებს ლელა სტურუა.
რაც შეეხება იმას, პრეზერვატივების მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდის შედეგად, შემცირდა თუ არა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ეს ჯერჯერობით უცნობია.
პრეზერვატივების შეძენა მომხმარებლებს არა მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში, არამედ სუპერმარკეტებშიც შეუძლიათ. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში პრეზერვატივების იმპორტი, მოთხოვნა და მოხმარება გაიზარდა, უცვლელია მისი გაყიდვების მაჩვენებელი სააფთიაქო ქსელებში.
ჩვენ რამდენიმე სააფთიაქო ქსელს დავუკავშირდით, სადაც ამბობენ, რომ პრეზერვატივის გაყიდვის მაჩვენებელი ისეთივე მცირეა, როგორც ეს წინა წლებში იყო.
როგორც კომპანია "პე ეს პე"-ში აცხადებენ, მათ ქსელში პრეზერვატივების გაყიდვები სტაბილურად მცირეა, წლების განმავლობაში ძალიან მცირე იყო და ახლა არც გაზრდილა და არც შემცირებულა.
ანალოგიურს აცხადებენ კომპანია "ავერსშიც", სადაც კონკრეტული ციფრი არ აქვთ, თუმცა პრეზერვატივების გაყიდვების იგივე მაჩვენებელი აქვთ, რაც წინა წლებში ჰქონდათ.