დღეს, 6 თებერვალს, ქართველი პოეტის, ბესიკის გარდაცვალებიდან 220 წელი შესრულდება. ბესიკი, ბესარიონ ზაქრიას ძე გაბაშვილი, 1791 წლის 6 თებერვალს ქ. იასში, რუმინეთში გარდაიცვალა.
ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, თეიმურაზ II-ის კარის მოძღვრის, ზაქარია გაბაშვილის ვაჟი ბესიკი 1750 წელს თბილისში დაიბადა. ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიიღო. ბესიკის პოეტურ ქმნილებებში ჩანს როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ლიტერატურის ცოდნა. ერეკლე II-ის კარზე პოეტის მეგობრები იყვნენ მოწინავე მოღვაწეები და მწერლები: ლევან ბატონიშვილი, სარდალი დავით ორბელიანი, დავით რექტორი და სხვები. სწორედ ამ ხანებში შეიქმნა ბესიკის პოეტურ შედევრთა უმრავლესობა.
ზაქარია გაბაშვილისა და კათალიკოს ანტონ I-ს შორის კონფლიქტი ქართლ-კახეთიდან ზაქარიას განდევნით დამთავრდა. ამან გარკვეული როლი შეასრულა ბესიკის ცხოვრებაში. მას ქართლ-კახეთის დატოვება მოუხდა. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ბესიკი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარზე ინყოფებოდა. სოლომონ I-მა ბესიკს ჯერ დავთარხანა ჩააბარა, შემდეგ მდივანთ-უხუცესის სახელო უბოძა. 1778 წელს ბესიკი ირანში გაემგზავრა ქერიმ-ხანთან დიპლომატიური მისიით, მაგრამ იგი გარდაცვლილი დახვდა; იქაურმა საშინაო ომებმა კი საბოლოოდ ჩაშალა ოსმალეთის წინააღმდეგ სპარსეთის გამოყენების შესაძლებლობა. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ბესიკი მხარს უჭერდა დავით გიორგის ძის გამეფებას. 1787 წელს დავით მეფემ ბესიკს დააკისრა საგანგებო მისია: რუსეთისთვის მფარველობის თხოვნა, გაფორმება ისეთივე ტრაქტატისა, როგორიც დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წელს და იმერეთში დამხმარე ლაშქრის შემოყვანა. ამ მიზნით ბესიკი ჩავიდა ქ. კრემენჩუგს, სადაც იმყოფებოდა სამხრეთში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი ფელდმარშალი გ. პოტიომკინი. პოტიომკინის ბანაკთან ერთად ბესიკი ჯერ კიშინიოვში, ხოლო შემდეგ იასში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა.
ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია. მას ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები (ანბანთქებანი, აკროსტიქები და სხვ.). აღსანიშნავია რომანტიკული განწყობილებით აღბეჭდილი ლირიკული ლექსების ციკლი: "სევდის ბაღს შეველ", "მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა", "ტანო ტატანო", "მე შენზე ფიქრმა მიმარინდა" და სხვა. ამ ლექსებს აერთიანებს თემატიკური რკალი, საერთო ლირიკული გმირი. ბესიკის პოეტური კონცეფცია უპირისპირდება "აღორძინების ხანის" სხვა პოეტებს, რომელთა ლექსებში სიყვარულის გრძნობა მისტიკურ საბურველშია გახვეული (საგანი სიყვარულისა უპირატესად არის ღმერთი). ბესიკი ამქვეყნიურ, ადამიანურ გრძნობებს უმღერის და მის ლექსებში უშუალო, გრძნობად-კონკრეტული მიმართებანი ჭარბობს.
ქართული ლირიკის ისტორიაში ბესიკს განსკუთრებული ადგილი უკავია. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სატრფიალო ლირიკა. მისი პოეზიის ღრმა შინაარსმა, პოეტური სიტყვის მაღალმა არტისტიზმა და ლექსის შინაგანმა მელოდიურობამ განაპირობა ის, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველოში ბესიკის ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა. ამან იშვიათი პოპულარობა მოუპოვა პოეტს თანამედროვეთა შორის.
საგმირო-პატრიოტულ პოემაში “ასპინძისათვის“ ბესიკმა 1770 ოსმალო-ლეკთა ჯარზე ქართველთა გამარჯვების ამბავი გადმოსცა და ხოტბა შეასხა ქართველ გმირებს. ომის თემას ეხება აგრეთვე პოემა “რუხის ომი“. სატირულ-იუმორისტული ხასიათის პოემაში “რძალ-დედამთილიანი“ ბესიკმა პირველმა დაამუშავა ხალხურ პოეზიაში გავრცელებული თემა, ძალზე დაუახლოვდა ხალხურ, სასაუბრო მეტყველებას. ყოველივე ამით მან, დავით გურამიშვილთან ერთად, ქართულ მწერლობაში გზა გაუკაფა საყოფაცხოვრებო ხასიათის ჟანრებს. ბესიკს დაწერილი აქვს რამდენიმე სატირული ლექსიც (მაგ., "ჭაბუა ორბელიანზე" და სხვ.).
ბესიკის პოეზიისთვის დამახასიათებელია მდიდარი მეტაფორული აზროვნება, დახვეწილი ბგერწერა. მან საგრძნობლად აამაღლა პოეტური ტექნიკა, შექმნა ლექსის ახალი სახეობანი. ქართული პოეზიის არაერთი ორიგინალური მეტაფორა ბესიკის სახელს უკავშირდება (“სევდის ბაღი“, “ცრემლთა ისხარნი“, “შავნი შაშვნი“ და ა. შ.). ბესიკის ლექსებმა მრავალი ხელნაწერი კრებულის სახით მოაღწია. ზოგ მათგანში შესულია არა მარტო ბესიკის, არამედ მის მიმბაძველთა ლექსებიც, რაც ერთობ ართულებს ავთენტიკური მასალის შერჩევას. მაინც შესაძლებელი გახდა მისი ლექსების თავმოყრა, გამოცემა და ბესიკის მდიდარი პოეტური მემკვიდრეობის მთლიანობაში წარმოდგენა.