ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი ბრიჯიტ ჯონსი რიგით მეოთხე ფილმში დაბრუნდება! ფილმი ამჯერადაც ჰელენ ფილდინგის რომანს ეყრდნობა, სახელად Bridget Jones: Mad About the Boy.
სერიის პირველი ფილმი ბრიჯიტ ჯონსის დღიური 2001 წელს გამოვიდა, რომელსაც მალევე ბრიჯიტ ჯონსი: გონიერების ზღვარი მოჰყვა, 2016 წელს კი ფილმი ბრიჯიტ ჯონსის ბავშვით დაბრუნდა, რომელშიც მთავარ გმირთან ერთად ვცდილობდით გაგვერკვია, ვინ იყო ბრიჯიტის შვილის მამა. წლების შემდეგ კვლავ მოგვეცა შანსი, რომ ჯონსის ისტორიის გაგრძელება ვნახოთ.
Bridget Jones: Mad About the Boy-ში მოქმედება 14 წლის შემდეგ განვითარდება. მთავარ როლს, რა თქმა უნდა, რენე ზელვეგერი შეასრულებს, მაყურებლის გასახარად კი, ამჯერად პირველი და მეორე ფილმების უცვლელი გმირი, დენიელ კლივერიც დაბრუნდება, რომლის როლსაც ჰიუ გრანტი მოირგებს. გრანტი სერიის მესამე ფილმში არ გვინახავს, რის გამოც მაყურებლები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა, ის არც მეოთხე ნაწილში გამოჩენილიყო.
ამასთან, ვიცით, რომ ფილმში ცნობილი მსახიობი ემა ტომფსონი და White Lotus-ის ვარსკვლავი ლეო ვუდალიც ითამაშებენ. ფილმის პრემიერა 2025 წლის 14 თებერვალს იგეგმება.
ბრიჯიტ ჯონსის დღიური ერთ-ერთი გაზეთის სვეტში გამოქვეყნებული ჩანაწერებით დაიწყო და მოგვიანებით რომანების სერიად იქცა, შემდეგ კი მათ მიხედვით ფილმებიც გადაიღეს, რომელთა შემოსავალმა $282 მილიონს გადააჭარბა. რენე ზელვეგერს ბრიჯიტის როლმა 2002 წელს ოსკარის ნომინაციაც მოუტანა.