ცოტა ხნის წინ ზენდეიამ ბოლოს შესრულებულ როლზე ისაუბრა. Call Me By Your Name-ის რეჟისორ ლუკა გუადანინოს Challengers-ში მსახიობი ცნობილ ჩოგბურთელს განასახიერებს. ტაში დუნკანი თავისი კარიერის მწვერვალზე ყოფნისას ტრავმას მიიღებს და თამაშს თავს ანებებს, პარალელურად კი, იმდროინდელ შეყვარებულთან, ასევე ჩოგბურთელთან, ურთიერთობას გაწყვეტს.
მეტოქეები რომანტიკული სპორტული კომედიაა, რომელიც ტენისის სამყაროში გვამოგზაურებს, პარალელურად კი მთავარი გმირების პირად დილემებსა და ქაოტურ რომანტიკულ ურთიერთობებზე გვიყვება. ფილმში ზენდეიასთან ერთად მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები მაიკ ფეისტი და ჯოშ ო'კონორი ითამაშებენ. ტრეილერიდან ჩანს, რომ ფილმის სამი მთავარი გმირი ერთმანეთთან სექსუალურ ურთიერთობას იწყებს.
ზენდეიამ სექსუალური სცენების გადაღებებისას ინტიმური სცენების კოორდინატორის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინტიმური სცენების კოორდინატორი მსახიობსა და რეჟისორს შორის ერთგვარი შუამავალია და უზრუნველყოფს, რომ ინტიმური თუ შიშველი სცენების გადაღებისას მსახიობი თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს.
"ჩვენ ინტიმური სცენების კოორდინატორთან ერთად ვმუშაობდით, რაც შესანიშნავი იყო და ძალიან დაგვეხმარა — მნიშვნელოვანია, რომ თავი უსაფრთხოდ და დაცულად გვეგრძნო. ამ სცენების გადაღებების შესახებ მაიკსა და ჯოშსაც ვესაუბრე, რამაც საქმე გაგვიმარტივა.
ამასთან, სანამ გადაღებებს დავიწყებდით, ერთად დროს ხშირად ვატარებდით, ტენისს ვთამაშობდით, რეპეტიციებს გავდიოდით, რამაც ერთმანეთის პიროვნულად გაცნობის საშუალება მოგვცა. მართლა დავმეგობრდით, რაც გადაღებებისას დაგვეხმარა", — აღნიშნავს ზენდეია.
ჰოლივუდში ინტიმური სცენების კოორდინატორის როლზე უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ. მაგალითად, ქეით უინსლეტმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ნატრობს, კოორდინატორი მის ახალგაზრდობაშიც არსებულიყო, რადგან საკუთარი თავის დაცვა თავადვე უწევდა.
გადაღებებზე ფილმის მეორე მსახიობმა, ჯოშ ო'კონორმაც ისაუბრა და თქვა, რომ ზენდეიასთან და მაიკთან მუშაობა მისთვის დიდი პატივი იყო.
Challengers-ში აღიარებულ ჩოგბურთელი ტაში დანკანი მძიმე ტრავმის მერე იძულებულია, მოთამაშის კარიერა დაასრულოს და მწვრთნელობას დასჯერდეს. დრამატული სიუჟეტი მაშინ იწყება, როცა ტაში თავის ქმარს, ჩემპიონ არტ დონალდსონს, კარიერის წარუმატებელი ეპიზოდის დასრულებისკენ უბიძგებს და გზავნის ტურნირზე, სადაც ამ უკანასკნელს თავის ყოფილ მეგობართან და ცოლის ყოფილ შეყვარებულთან დაპირისპირება მოუწევს.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 26 აპრილს შედგება.