გერმანიაში, თანამედროვე ხელოვნების გალერეის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან დაითხოვა თანამშრომელი, რომელმაც გამოფენაზე საკუთარი ნახატი დაკიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა მიუნხენში, გალერეაში Pinakothek der Moderne მოხდა. 51 წლის კაცი გალერეის ტექნიკურ გუნდში მუშაობდა და საკუთარ თავს თავისუფალ არტისტად თვლის. მან თავისი ნახატი, რომლის ზომაც 60x120 სანტიმეტრზეა ცარიელ დერეფანში დაკიდა. კაცს იმედი ჰქონდა, რომ ეს მისი პროფესიული გარღვევა იქნებოდა.
თუმცა გამოფენის კურატორმა უცხო ნახატი დაუყოვნებლივ შეამჩნია და ტილო მხატვარს დაუბრუნა. სამსახურის დაკარგვასთან ერთად უიღბლო მხატვარს გალერეაში შესვლაც აეკრძალა.