„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
კაკაბაძე განმარტავს თუ ვინ და რატომ ეწინააღმდეგება „გამჭვირვალობის კანონს”.
მისი თქმით, გამჭვირვალობის შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ გრანტის მიმღების პროექტში მითითებული სამოქალაქო აქტივობის ნაცვლად, პროექტით გათვალისწინებული ხარჯები, რეალურად პოლიტიკურ აქტივობაში იხარჯება, გრანტის გამცემს აქვს ვალდებულება, გრანტის შეჩერების და დახარჯული თანხის უკან დაბრუნების. ამიტომაც არის, რომ გრანტის გამცემებიც და მიმღებებიც შეშფოთებულნი არიან გამჭვირვალობით.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ნაც-პარტიები და ნაც-ენჯეოები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ეს კანონი გამოიწვევს სამოქალაქო სექტორის დაკნინებას და გაქრობას. სინამდვილეში, პირიქით, ამ კანონის არ არსებობის გამო ხდება, რომ 10 000-ზე მეტი არასამთავრობოდან საერთაშორისო პარტნიორები, მხოლოდ პოლიტიზებულ არასამთავრობოებს ცნობენ, აღიარებენ და აფინანსებენ, რომლებიც ხან სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ (2003 წ.), ხან გადატრიალების მცდელობას აორგანიზებენ, ხან ომის პროპაგანდას ეწევიან და ხან სხვას.
„ვინ და რატომ ებრძვის გამჭვირვალობას უცხოეთში. ცხოვრებამ დაგვანახვა, რომ სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებული აქტივობების გამჭვირვალობა მთელ მსოფლიოში პრობლემური საკითხია.
2023 წლის დეკემბერში თვითონ ევროკომისიამ წარადგინა საკანონმდებლო წინადადება „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არაწევრი სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“. აქედან გამომდინარე, ანალოგიური შინაარსის კანონის, საქართველოში მიღების აუცილებლობაც, თითქოს არ უნდა გამხდარიყო სადავო, მაგრამ ყველასათვის, და პირველ რიგში, ამ კანონპროექტის ინიცირების ავტორებისთვის იმთავითვე ცხადი იყო, რომ ეს დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევდა. რასაკვირველია, ველოდით იმ საერთაშორისო აჟიოტაჟსაც, ხმაურსაც, რომელიც ძირითადად საქართველოში შედგენილი ტექსტებით და ამ ტექსტებზე უცხოელების ხელმოწერებით გამოიხატა.
არ გვიკვირს, რომ განცხადებაზე პირველი ხელმომწერები ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერმი, მაიკლ გალერი და სხვები იყვნენ. გასაკვირი უფრო ის არის, რომ 700 ევროპარლამენტარიდან მხოლოდ 22-მა მოაწერა ხელი იმ ოდიოზურ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია: „ამ კანონის მიღების შემთხვევაში მხარს ვუჭერთ, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს”. ანუ ეს ხელმომწერები გვემუქრებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, ჩვენ შევეცდებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩამოერთვასო საქართველოს. მარტო ეს ბოლო წინადადებაც მიუთითებს, რომ ტექსტი საქართველოშია შედგენილი და განკუთვნილია შიდა მკითხველის მოსატყუებლად. დასავლეთში ყველამ იცის, რომ სტატუსის ჩამორთმევას და სხვა ამგვარ სისულელეებს ევროკავშირის არც თეორია და არც პრაქტიკა არ ითვალისწინებს. სამაგიეროდ აქაური გასულელებული ხალხისთვის ეფექტურად ჟღერს ლოზუნგი - „ამ კანონის მიღებით საქართველო კანდიდატის სტატუსს დაკარგავს!“
მეორე ტექსტში, რომელიც ნაც-პარტიებმა და ნაც-ენჯეოებმა შეადგინეს და ხელი მოაწერინეს ზოგიერთი ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა, მითითებულია, რომ თითქოს „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი არის საქართველოს უდიდესი აქტივი და მას მსოფლიოში აქვს ყველაზე გამჭვირვალის რეპუტაცია, ბიუჯეტისა და დაფინანსების თვალსაზრისით... მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მოხსნას კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან... როგორც ჩანს, ბევრს ეცადნენ, მაგრამ ბალტიის ქვეყნების, ჩეხეთის, პოლონეთის, დანიის, გერმანიის, ირლანდიის და იტალიის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების გარდა სხვას ვერავის დააჯერეს, რომ საქართველოს არასამთავრობო სექტორის პოლიტიზებულ ნაწილს აქვს „ყველაზე გამჭვირვალის რეპუტაცია ბიუჯეტისა და დაფინანსების თვალსაზრისით“, და რომ „ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დევს!“
მე მგონი, შეუძლებელია დასახელებული ქვეყნების კონკრეტული დეპუტატები დამოუკიდებლად ამტკიცებდნენ მსგავს სიბრიყვეს.
ერთი სიტყვით, გასაგებია, რომ ნაც-პარტიებისა და ნაც-ენჯეოების მიერ საქართველოში შედგენილი ტექსტები იგზავნება სხვადასხვა პოლიტიკური მეგობრების მეილებზე თხოვნით, რომ თვითონაც მოაწერონ ხელი და შეძლებისდაგვარად სხვა კოლეგებსა და მეგობრებსაც შესთავაზონ ხელის მოწერა. იქიდან ჩამოდის იმ პოლიტიკური მეგობრებისა და კოლეგების ხელმოწერები, რომლებისთვისაც სულერთია, როგორ გამოიყენებენ მის ხელმოწერას, ეყრდნობიან მათი ნდობით აღჭურვილი და საერთო ინტერესების მქონე ადგილობრივ, ძირითადად ფულზე დახარბებულ ნაც-ენჯეოებს, მათი თვალებით და აღქმებით უყურებენ აქ არსებულ სიტუაციას და ხელი ხელს ბანს პრინციპით, სულაც არ ფიქრობენ სიღრმისეულად იმაზე, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი ხელმოწერილი ტექსტები არის არა რეალური სიტუაცია, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ქართული ე. წ. არასამთავრობოების პოზიცია.
ნაც-პარტიები და ნაც-ენჯეოები ცდილობენ ეს კანონი წარმოაჩინონ ანტიდასავლურად. ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ გრანტის გამცემ დასავლურ ორგანიზაციებს ხელისუფლება საეჭვო ძალებად მიიჩნევსო. გრანტის გამცემ ორგანიზაციებს ხელისუფლება, საეჭვო ძალებად რომ მიაჩნდეს, ეს ფაქტი, უპირველესად დიპლომატიურ ურთიერთობებში აისახებოდა და არა ფინანსურში. ფინანსურს ყოველთვის პიროვნებები განსაზღვრავენ, რომლებიც გაეროშიც შეიძლება სცოდავდნენ და მონასტერშიც. მაგალითად, როცა რომელიმე მღვდელზე და მის ფინანსურ გამჭვირვალობაზეა საუბარი, ეს სულაც არ ნიშნავს ეკლესიის ინსტიტუციის მიმართ უნდობლობას.
ეს რომ ასეა, სწორედ გასული წლის მარტში ასეთი ანგაჟირებული „უფლებადამცველების“ პოზიციებმა დაადასტურეს. თუნდაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცენტრალური ოფისის (რომლის აქაური წარმომადგენელი კაპიტანი გიგაურია) რამდენიმე წლის წინ კორუფციულ სკანდალში გახვევის ფაქტიც კმარა, რის გამოც 4 წლის მანძილზე აშშ-ში ამ გერმანული ორგანიზაციის საქმიანობა აკრძალული იყო. და ამიტომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუმპირებულ წარმომადგენლებთან ბრძოლა სულაც არ ნიშნავს გერმანიის ხელისუფლებასთან ბრძოლას. ასე რომ, ერთი უბედურებაა, როდესაც კორუფციაში ამხელენ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცენტრალურ ოფისს, ხოლო მეორე უბედურება ისაა, რომ ამ რეპუტაციაშელახული ორგანიზაციის სახელით ყელმოღერებული კაპიტანი გიგაური გააფთრებული იბრძვის გამჭვირვალობის წინააღმდეგ. სწორედ ასეთების მხილებისთვის არის საჭირო და აუცილებელი გამჭვირვალობის კანონის მიღება“, - წერს ნანა კაკაბაძე.