მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი სახელმწიფო მეტი საფრთხის წინაშე დგას, მეტი დაცვა გვჭირდება და გაუგებარია, როცა ჩვენი პარტნიორების მხრიდან მსგავს რეაქციებს ვხედავთ იმ საკითხზე, რომელზეც ახლა თავადაც მსჯელობენ

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი სახელმწიფო მეტი საფრთხის წინაშე დგას, მეტი დაცვა გვჭირდება და გაუგებარია, როცა ჩვენი პარტნიორების მხრიდან მსგავს რეაქციებს ვხედავთ იმ საკითხზე, რომელზეც ახლა თავადაც მსჯელობენ

ჩვენ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები უნდა დავიცვათ, მაშინ როდესაც საუბარია გარკვეული ორგანიზაციების გავლენებზე პოლიტიკურ პროცესებში, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ჩვენი პარტნიორების რეაქციები გაუგებარია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბევრ ქვეყანას უკვე აქვს მსგავსი კანონმდებლობა, ზოგან კი მსგავს კანონპროექტზე ახლა მსჯელობენ.

„აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ შეიძლება საქართველოში გამჭვირვალობა საფრთხის შემცველი იყოს, მაშინ როდესაც გამჭვირვალობა არამხოლოდ ერთადერთი, ერთ-ერთი კომპონენტია და მაშინ როდესაც პარტნიორები მესამე ქვეყნებზე და დემოკრატიის დაცვაზე საუბრობენ. ჩვენ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები უნდა დავიცვათ, მაშინ როდესაც საუბარია გარკვეული ორგანიზაციების გავლენებზე პოლიტიკურ პროცესებში. ევროკავშირის ბევრ ქვეყანას აქვს მსგავსი კანონმდებლობა და ეს დირექტივაც, რომელიც ევროკავშირის დონეზე შემუშავდა, სწორედ ამას ემსახურება. ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, რომლებიც ვიცით, რომ მოქმედებენ ჩვენი პარტნიორების დახმარებით, იმავე პარტნიორების დახმარებით რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი, ამ ყველაფრის გამჭვირვალობამ, როგორ შეიძლება შეუქმნას საფრთხე საქართველოში დემოკრატიას ან რაიმეს, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენ კიდევ უფრო მეტი დაცვა გვჭირდება, არაერთი მხრიდან ჩვენი სახელმწიფო მეტი საფრთხის წინაშე დგას და გაუგებარია, როდესაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან მსგავს რეაქციებს ვხედავთ ისეთივე საკითხზე, რომელიც მათთვის კარგად ცნობილია და სწორედ ამ პერიოდში ხდება მსგავსი მსჯელობები. სხვათა შორის ევროპარლამენტის მხრიდან იყო დავალებები ევროკომისიის მიმართ, რომ მათ მსგავსი დირექტივის შემუშავებაზე დაიწყონ მუშაობა. ეს არის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში და მართლაც ძალიან უცნაურია, მითუმეტეს როდესაც ჩვენს შემთხვევაში კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და მიუღებელია ის შიშები ამ ორგანიზაციებისგან - თუკი კეთილსინდისიერ საქმიანობასთან გვაქვს საქმე, რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს მათთვის ამხელა საფრთხის შემცველი, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ასეთ ამბავს ატრიალებდნენ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკასთან“.